ღარიბაშვილი: ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ბოლო ვიზიტის დროს ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მან ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე, კერძოდ, ამ ორ ქვეყნას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე. ამასთან, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა საქართველოს პოლიტიკა რეგიონში, რატომ არის საქართველო მიმზიდველი ჩინური კომპანიებისთვის და საქართველოს როლი „სარტყლის და გზის ინიციატივაში“.
ვიზიტზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისა და ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანის შესახებ, ღარიბაშვილმა განაცხადა: „ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან… განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ… ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება… შინ კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ვბრუნდები“. მან ასევე შეაქო FISU თამაშების გახსნის ცერემონია, რომელსაც დაესწრო და მას „ფანტასტიკური”, „სანახაობრივი” და „შთამბეჭდავი” უწოდა.
კითხვაზე, თუ როგორია მისი შეხედულება პრეზიდენტ სი ძინპინზე და მის ხედვასა და მმართველობის სტილზე, ღარიბაშვილმა თქვა: „გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის. მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია”. მან განაცხადა, რომ ორმხრივი შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტთან ისაუბრა: „გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის, მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის. ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან“.
კითხვაზე საქართველოს მიერ „სარტყლის და გზის ინიციატივის“ მხარდაჭერაზე და მასში აქტიური მონაწილეობის შესახებ, ისევე როგორც გლობალური განვითარების, გლობალური უსაფრთხოებისა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივების შესახებ, რომლებიც შემოთავაზებულია პრეზიდენტი სი ძინპინის მიერ და როგორ აფასებს ის ამ ინიციატივების მნიშვნელობას გლობალური გამოწვევების დაძლევაში, ღარიბაშვილმა თქვა: „გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით, რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია. სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება… პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის“.
მან დასძინა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა „სარტყლის და გზის ინიციატივას“ 2015 წელს და აღნიშნა, რომ საქართველო ადრე აბრეშუმის გზის ნაწილი იყო. მან ასევე ხაზი გაისვა იმას, რომ მისი ინიციატივით 2015 წელსვე დაარსდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, საქართველოს მხარდაჭერის საჩვენებლად.
კითხვაზე, თუ როგორ ხედავს მომავალ თანამშრომლობას „სარტყლის და გზის“ ფორმატში, პრემიერმა თქვა: „მას [საქართველოს] უნიკალური გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და აღმოსავლეთს აკავშირებს დასავლეთთან. თან ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაგალითად, დაახლოებით, 15 დღე სჭირდება საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპამდე“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი პოტენციალი არსებობს ე.წ. შუა დერეფნის განსავითარებლად, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად და აღნიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა „გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან“. მან განაცხადა: „სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ ამ დერეფნის წარმადობა, როგორ გავზარდოთ რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა“.
ღარიბაშვილმა განაცხადა: „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა ცხრა ფაზის განხორციელების შემდეგ მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება”. მან ასევე ისაუბრა რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზების გეგმებზე, რომლებსაცც, როგორც მან აღნიშნა, ჩინურ კომპანიებს ახორციელებენ და დასძინა, რომ „ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ბუნებრივი შესაძლებლობა, პოზიციონირდეს როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და ენერგეტიკული ჰაბი და დაამატა, რომ საქართველოს სურს დაიწყოს „მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის“ მშენებლობა, რაც მისი თქმით, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ნაწილი იქნება. მან ასევე განაცხადა: „შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება“.
ინტერვიუში ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, თქვა, რომ საქართველოს “პრივილეგია” ჰქონდა ეს შეთანხმება გაეფორმებინა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მისი პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადის განმავლობაში დაიწყო. მისი თქმით, შედეგები თვალსაჩინოა, რადგან ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 400%-ით და ჩინეთი გახდა საქართველოს მე-3 სავაჭრო პარტნიორი. Მან თქვა: „…თუ გავაგრძელებთ საქონლის – მეტი ხარისხიანი პროდუქციის – ექსპორტს ჩინეთში და ჩინეთიდან აქეთ, ის თავისუფლად შეიძლება, გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის“.
ორმხრივი ვაჭრობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ კითხვაზე ღარიბაშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს ვაჭრობის ზრდას და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ქართულ ბიზნესს მოვუწოდე, მეტი ურთიერთობები აწარმოონ ჩინეთთან, ჩინურ კომპანიებთან, მეტი საქონლი, ღვინო და სხვა პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. ამდენად, დიდია პოტენციალი ამ მიმართულებით“.კითხვაზე, თუ რას ელოდა საქართველოდან ჩინეთის ბაზარზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ელოდა: „ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს – ოქროს, სპილენძს და სხვ.“.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გეგმავს ტურისტული ცენტრების გახსნას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში და განაცხადა, რომ საქართველოს სურს ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას ორივე მიმართულებით.
მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ რატომ არის საქართველო მიმზიდველი უცხოური კომპანიებისთვის. მან განაცხადა, რომ „დაბალი გადასახადები, ბიუროკრატიის დაბალი [დონე], კორუფციის დაბალი დონე, გამჭვირვალობა“ საქართველოს მიმზიდველს ხდის და დასძინა, რომ საქართველო არის „ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა მსოფლიოში“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით 2,3 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარზე წვდომის საშუალება ეძლევა. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა: „თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს – ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს – საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს“.
წამყვანმა გაიხსენა: „2015 წელს თქვენი პირველი პრემიერობის დროს თქვენ თქვით ინტერვიუში, რომ რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ქვეყანამ მთლიანად შეცვალა მიდგომა მეზობლების მიმართ და აირჩია მათ მიმართ პრაგმატული, რაციონალური და კონსტრუქციული პოლიტიკის გატარება…“. შემდეგ წამყვანი დაინტერესდა, თუ როგორ დაახასიათებდა პრემიერ-მინისტრი საქართველოს [დიპლომატიურ] მიდგომას იმ მუდმივად ცვალებადი გლობალური გარემოს გათვალისწინებით, რომელსაც ახლა ვაწყდებით.
„ჩემი მთავრობა მშვიდობაზეა ორიენტირებული. ჩვენ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ნამდვილად შევძელით ბოლო 10 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში. ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური არსებობის პერიოდი. ამიტომ გავაგრძელებთ ამ პრაგმატული, კონსტრუქციული პოლიტიკით სვლას, რაც მიზნად ისახავს ჩვენი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ამდენად, ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, მეტი განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის. საქართველო შეიძლება, იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წამყვანმა აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა გზას ირჩევს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ პირობებს, ჩინეთმა აირჩია მოდერნიზაცია და დაინტერესდა თუ როგორია პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება ჩინეთის არჩევანზე. ღარიბაშვილმა უპასუხა: „ჩინეთმა ძალიან სწრაფი ცვლილება განიცადა. ამჟამად მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია. კვლავაც, ეს მომდინარეობს პრეზიდენტი სი ძინპინისგან, მისი პოლიტიკიდან და ინიციატივებიდან, რასაც მეტი კეთილდღეობა მოაქვს ჩინელი ხალხისთვის. ეს შეიძლება, იქცეს შთაგონებად სხვა ქვეყნებისა და ერებისთვის. ასე მაგალითად, პირველად ჩინეთში 2015 წელს ვიყავი. მას შემდეგ ცვლილებებს მრავლად ვხედავთ ყოველწლიურად. დიდია გაუმჯობესების მასშტაბი. ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს ძალიან კარგია, ძალიან შთამბეჭდავია. ამდენად, მინდა მოგიწონოთ და მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ყოველივე ის, რასაც მიაღწიეთ ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებით პრეზიდენტ სი ძინპინის ლიდერობის პერიოდში“.
ინტერვიუს დროს ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ორივე ქვეყნის მოქალაქეთა შორის ურთიერთობების „გრძელ ისტორიაზე“ და მეგობრობაზე ორ ქვეყანას შორის და თქვა, რომ „ადამიანებს შორის ურთიერთობები მეტ ღირებულებას შემატებს ჩვენს ურთიერთობას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)