ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. პრემიერ-მინისტრი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას და პრეზიდენტს “სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის” მადლობა გადაუხადა.

ღარიბაშვილმა გაიხსენა, რომ „ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის”. მისი თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს.

„ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და „მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის“.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს ერთგულებას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართ და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ბოლო 31 წლის მანძილზე არსებულ პოლიტიკურ ნდობას და სტაბილური ურთიერთობების განვითარებას. აღიარა რა, რომ საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება“. მისივე თქმით, საქართველო და ჩინეთი დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას და „ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button