skip to content
ახალი ამბები

ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, კლაუდია არპა მიმდინარე კვირას სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და ზუგდიდში დადიანების სასახლეში ბერტა ფონ ზუტნერის პრემიით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

13 ნოემბერს, ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდა, რომელმაც დადებითად შეაფასა ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების განვითარების დინამიკა და ავსტრიას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. „შალვა პაპუაშვილი მიესალმა ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო ოფიციალურად მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. მან, ამ კუთხით, ავსტრიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა“, – ნათქვამია პარლამენტის პრეს-რელიზში.

ამავე ინფორმაციით, კლაუდია არპამ საქართველოს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის მიღება მიულოცა და „ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას“.

„მხარეებმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებს შორის დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო განათლების წახალისებაზე იქნება მიმართული, რის თაობაზეც განზრახულობათა წერილს ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი“, – ნათქვამია პარლამენტის პრეს-რელიზში.

14 ნოემბერს, ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

თბილისში ავსტრიის საელჩოს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრსა და ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შორის „საინტერესო დისკუსია“ გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ამავე ინფორმაციით, ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროკომიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა.

15 ნოემბერს, კლაუდია არპა და მისი თანმხლები დელეგაცია ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ბერტა ფონ ზუტნერის პრემიით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

იმავე დღეს, მან თბილისში სამუშაო ლანჩი გამართა საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ანრი ოხანაშვილთან.

ავსტრიის საელჩომ საქართველოში 16 ნოემბერს განაცხადა, რომ ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, კლაუდია არპა, მისი დელეგაციის წევრებთან ერთად, შეუერთდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, „მდინარე ენგურის გასწვრივ არსებული სიტუაციის გასაცნობად“.

„დიდი მადლობა სადამკვირვებლო მისიას იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. ავსტრია ყოველთვის უჭერდა მხარს და გაარძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს აგრეთვე, მისიაში მაღალი დონის თანამშრომლების მივლენას. დიდი მადლობა მისიის ავსტრიელ წევრებს იმისათვის, რომ დღეს შემოგვიერთდნენ და გაგვაცნეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ადგილზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის შესახებ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button