სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის კანცლერს შეხვდა
პრემიერმინისტრის შემდეგ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერს 30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და რეგიონში არსებული ვითარებაზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს“.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მიერ ინსტიტუციური რეფორმების გატარების გაგრძელების აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი, რა დროსაც, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა“.
მხარეებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრეს, რაც ქვეყნისთვის „ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩევა“. „აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავის მხრივ, ავსტრიის კანცლერმა დაადასტურა მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/01/2023 – ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს უმასპინძლა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)