ახალი ამბები

საქართველო რუსეთის მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ ძალადობაზე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ემხრობა

საქართველომ და ეუთოს 40-მა სხვა წევრმა სახელმწიფომ 24 ივლისს მხარი დაუჭირა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას რუსეთის მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამების, არასათანადო მოპყრობისა და სიკვდილით დასჯის სავარაუდო შემთხვევების გამოსაძიებლად.

სახელმწიფოებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს იმ სანდო ცნობების გამო, რომლებიც ძალადობის ფართოდ გავრცელებულ, სისტემატურ ტენდენციაზე მიუთითებს, რაც შესაძლო ომის დანაშაულებს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უტოლდება.

„მოსკოვის მექანიზმი“ 1991 წელს ადამიანური განზომილების კონფერენციის მესამე ეტაპზე იქნა მიღებული და ის ავსებს და აძლიერებს ვენის მექანიზმს. ეუთოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ის იძლევა ექსპერტების მისიების გაგზავნის შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს ადამიანურ განზომილებაში დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან პრობლემის გადაჭრაში“. მექანიზმი  ადამიანის უფლებების პოტენციური დარღვევების გამოსაძიებლადაა განკუთვნილი.

2022 წელს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე საქართველოს 67 მოქალაქე დაიღუპა.

This post is also available in: English

Back to top button