skip to content
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი უნგრეთს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 11 მაისს ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც 12 მაისს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრების გამართვა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე

კონფერენციაზე გამოსვლისას, პაპუაშვილმა რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა გამოხატა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვან უპირატესობებს იძლევა, ეს არ უნდა მოხდეს ეროვნული ტრადიციებისა და დემოკრატიული თვითმმართველობის ხარჯზე.

„დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ევროკავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ ასახავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტს“.

მართალია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ევროპული გზის ერთგული რჩება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაზე მეტი გააკეთა ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და წარმოადგენს მის ნებას, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ევროპული ინსტიტუტი დირექტივების ენაზე გვესაუბრება და ვალდებულებებს გვაკისრებენ უფლებების მინიჭების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება“.

პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის მოთხოვნები სასამართლო რეფორმის შესახებ, მათ შორის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვა, და ამას ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. „ეს სისტემა, მიღების შემთხვევაში, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს, სადაც ხელისუფლება ხალხისგან მომდინარეობს… მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო დაუშვებდა ასეთ ჩარევას მათ სუვერენიტეტში“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას, და არა თავსმოხვევას“ და რომ „პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება”.  

შეხვედრა PACE-ს პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსთან

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა და ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადების პროცესი მიმოიხილა.

საქართველოს პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო PACE-ში საქართველოს მონაწილეობის შეჩერებას. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა PACE-ს მიერ იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელმაც, მისი თქმით, პარლამენტის წევრებს დელეგაციის დატოვებისკენ უბიძგა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

იანვრის რეზოლუციამ საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ერთი დღის შემდეგ, საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, განაცხადა, რომ საქართველო აჩერებდა ასამბლეაში მონაწილეობას და ასამბლეის მიერ დადგენილ პირობებს „უსამართლო“ და „ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა“ უწოდა.

შეხვედრა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის  პრეზიდენტ კლოდ ვისელერთან

12 მაისს პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის  პრეზიდენტ კლოდ ვისელერს შეხვდა. მხარეებმა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრეს.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლუქსემბურგთან, როგორც ნატოსა და ევროკავშირის დამფუძნებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს“. მან „ლუქსემბურგის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპარლამენტო დღის წესრიგსა და გეგმებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

შეხვედრა იტალიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლორენცო ფონტანასთან

ვიზიტის ფარგლებში, 12 მაისს პაპუაშვილი იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა – დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლორენცო ფონტანას შეხვდა. „შეხვედრაზე აღვნიშნეთ საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით 2023 წელს საქართველოსა და იტალიას შორის დაფუძნებულ მაღალი დონის დიალოგს და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს“, – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

„საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. განვაცხადე, რომ საქართველო გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რათა 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა მან.  

პაპუაშვილის თქმით, ლორენცო ფონტანამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია და გამოხატა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის ახალ დონეზე აყვანის მზაობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button