ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 30 იანვარს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერს უმასპინძლა და სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

პრემიერმა ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს საქართველოში „ისტორიული“ ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათ „ძალიან ნაყოფიერი“ დისკუსია ჰქონდათ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც „დღეს ძალიან რთულია მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი აღნიშნა, რომელიც „უდიდესი გამოწვევაა დღეს ევროპის კონტინენტზე“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც „ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა“. „ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“.

მანვე ავსტრიის კანცლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია ყველა შესაძლო პროგრესს, რაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ბოლო 10 წელიწადში, – დასძინა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ასრულებ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მიიღო. „რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე არის შესრულებული, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში“.

მანვე რეკომენდაციების შესრულების კონტექსტის ოპოზიციის ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, „ვინაიდან, მაგალითად, პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის შემცირებას, დასრულებას, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე“.

საუბრის ბოლოს, საქართველოს პრემიერმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და შავი ზღვის ელექტროკაბელსაც შეეხო. „ეს და სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა მან.

ავსტრიის კანცლერის განცხადება

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ავსტრიისა და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ თბილისს უნდა ჰქონდეს ვენის მხარდაჭერის იმედი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. კანცლერის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია მისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო. კანცლერმა აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი პრესკონფერენციამდე პრემიერმინისტრთან განიხილა და მათ იმსჯელეს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით.

რაც შეეხება საქართველოს მნიშვნელობას ეკონომიკური თვალსაზრისით, ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი შესაძლებლობაა ავსტრიელი ინვესტორების მოსაზიდად. კანცლერმა საქართველოს ეკონომიკურ შედეგებზეც ისაუბრა, კერძოდ ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში, და მათ „შთამბეჭდავი“ უწოდა. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, კანცლერის თქმით, „საქართველო ძალიან საინტერესო პარტნიორია ავსტრიისთვის“.

უკრაინაში ომის შესახებ საუბრისას, კანცლერმა განაცხადა, რომ საქართველო მართლაც „განსაკუთრებულ სიტუაციაშია“, ვინაიდან საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამ კონტექსტში, კანცლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ფინანსური სანქციების მხარდაჭერისთვის, რაც, მისი თქმით, „ადვილი არ არის“, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე „ძალიან დიდია“. კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და კიდევ ერთხელ გაიმეორა ავსტრიის მხარდაჭერა ამ გზაზე.

ავსტრიის კანცლერმა განცხადებები გერმანულ ენაზე გააკეთა, ხოლო ამ განცხადებების ქართულენოვანი კომენტარი საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button