
დარჩიაშვილმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 2 ნოემბერს ბერლინში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ.
Excited to have participated in the Berlin Ministerial Conference upon the invitation of my German colleague @ABaerbock. We had engaging discussions regarding EU enlargement, as well as Georgia's accession process. The conference was especially timely and important, as we are… pic.twitter.com/SLl03eTT0p
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) November 2, 2023
„ჩემი მონაწილეობა ამ კონფერენციაში და ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის ფორმატში მთავარ მომხსენებლად ყოფნაც ადასტურებს იმას, რომ გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. „გერმანია იქცა [საქართველოს ევროპული მომავლის] ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, ეს კიდევ უფრო მეტად გვავსებს ოპტიმიზმით, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ მომავალს.“
მინისტრის თქმით, იგი „ოპტიმისტურად“ უყურებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის ძალისხმევა და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ლორანს ბუნს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების ძირითადი ასპექტები, ასევე რეგიონული უსაფრთხპოება და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა Twitter-ზე დაწერა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს ევროპული მომავლისა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში.
Entretien important avec le ministre géorgien des affaires étrangères @iliadarch, à un moment décisif pour le chemin européen de la #Géorgie et pour la paix dans le Caucase du Sud. pic.twitter.com/nGB3jFRezy
— Laurence Boone (@LaurenceBoone) November 2, 2023
კონფერენციაზე გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, კერძოდ უკრაინის ომის კონტექსტში, და ამასთანავე ევროკავშირში რეფორმების განხორციელების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
„პუტინის მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს ევროპაში იმპერიალისტური განხეთქილების შეტანას, რათა ჩამოგვაშოროს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთს. თუ რუსეთი შეძლებს ამ ქვეყნების დესტაბილიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ჩვენც გაგვხდის დაუცველებს“, – განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ „ჩვენ ვეღარ დავუშვებთ ნაცრისფერ ზონებს ევროპაში“.
მიმდინარე წლის სექტემბერში, ფრანგულ-გერმანულმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება სათაურით „ნაოსნობა ღია ზღვაში: ევროკავშირის რეფორმა და გაფართოება 21-ე საუკუნეში“, რომელიც განიხილავს აუცილებელ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირმა და ასპირანტმა ქვეყნებმა უნდა გაატარონ გაფართოებისთვის მომზადების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არ ასახავს არც საფრანგეთის და არც გერმანიის მთავრობების ოფიციალურ პოზიციებს, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის გაფართოების შესახებ მიმდინარე დებატების გასაგებად.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/09/2023 – საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
- 11/07/2023 – გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი საქართველოს სტუმრობს
- 14/06/2023 – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აისახა
- 09/06/2023 – პრემიერი ღარიბაშვილი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)