skip to content
ახალი ამბები

დარჩიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს ‘დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას’

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ „ოპონენტებს“ მოუწოდა „დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს“. მან ეს განცხადება ნიუ-იორკში  გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო არხის წარმომადგენელმა მას  თბილისში ორგანიზებულ „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე შექმნილ ექსპერტულ შეფასებაზე დაუსვა კითხვა.

„შეგახსენებთ ჩვენი ოპონენტების ძალიან თავგამოდებულ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, არ ყოფილიყო ევროკავშირის ასოცირებული წევრი, არ ჰქონოდა ის სარგებელი, რომელიც უშუალოდ განკუთვნილია ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ხელისუფლება მიეჩვია ოპონენტების ძალისხმევას, რაც „ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს“.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ პირებზე, ვინც „მიზანმიმართულად“ იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ისინი ვერ შეძლებენ ქვეყნის მონაპოვრის განადგურებას, მათ შორის ისეთი ძალისხმევის დაზიანებას, როგორიცაა ევროპული ოჯახის წევრად გახდომა.

„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი და განუზომლად დიდი ძალისხმევა გაწია იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ემოგზაურათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოს ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან.  ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ჩვენ საქართველოს აუცილებლად გავხდით ევროკავშირის ღირსეულ, სრულფასოვან წევრად და ჩვენს ოპონენტებს ამ მიმართულებით არაფერი გამოუვათ.  მინდა მოვუწოდო, რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button