ახალი ამბები

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი საქართველოს სტუმრობს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რის შემდგომაც მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ვიზიტის ფარგლებში ბერბელ ბასი ასევე შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრის შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე აღნიშნა: „გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამ გზას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას“.

11 ივლისს, ბერბელ ბასმა ცხინვალის რეგიონთან არსებული საოკუპაციო ხაზიც მოინახულა. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიაწოდეს გერმანულ დელეგაციას ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ, რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის დაკეტვისა და ‘ბორდერიზაციის’ ქმედებების გავლენაზე გადაადგილების თავისუფლებაზე,“ – ნახსენებია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-რელიზში.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

11 ივლისს გაიმართა შეხვედრა ბუნდესტაგის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. მხარეებმა განიხილეს გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პრესპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბერბელ ბასს თავისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ამასთან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არსებული მხარდაჭერისთვის.

საქართველოს მთავრობის პრეს-რელიზის თანახმად, „შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით“.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

10 ივლისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბერბელ ბასს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

საქართველოს პარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, „მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის და ნატოს წევრობის გზაზე საქართველოსა და გერმანიის ნაბიჯებსა და მოლოდინებზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე“.

ამასთან, შეხვედრისას ხაზი გაესვა უმაღლეს დონეზე შეხვედრების და ვიზიტების მნიშვნელობას, რომლებიც კულტურის, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებში მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება.

„ბუნდესტაგის პრეზიდენტის ბერბელ ბასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და გასული სამი ათწლეულის მსგავსად, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას,“ – ნახსენებია პრეს-რელიზში.

პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა მადლიერება გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის მაღალი დონის შეხვედრები პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების შედეგია და ასახავს მჭიდრო ხალხთაშორის ურთიერთობებს.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ გერმანია იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყანაც და განაცხადა, რომ მას შეუძლია ისტორიული მისია შეასრულოს საქართველოსთვის და უზრუნველყოს, „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცება“.

თავის მხრივ, ბუნდესტაგის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შალვა პაპუაშვილს „გულითადი მიღებისთვის“ და განაცხადა, რომ საქართველოს და გერმანიას წლების განმავლობაში მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებდათ. მან შთამბეჭდავად დაასახელა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ საკუთარ თავის ევროპელად აღქმა, თუმცა აქვე გაიხსენა 8 ივლისს მომხდარი მოვლენები, როდესაც პრორუსულმა ულტრაკონსერვატიულმა ძალებმა პრაიდის ფესტივალი ჩაშალეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას და უმცირესობების უფლებებს, რომლებიც ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მიუხედავად ამისა, მან კვლავ გამოთქვა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ამ გზაზე რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button