skip to content
ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე

22-26 სექტემბერს საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც ტრადიციულად მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ქართული დელეგაციებისთვის მსოფლიო ლიდერებს შორის არაღიარების პოლიტიკის ადვოკატირებისთვის, წელს აშკარა წარუმატებლობა აჩვენა დასავლელ ლიდერებთან ურთიერთობის თვალსაზრისით და სავარაუდოდ, რუსულ ოკუპაციაზე დუმილითაც იქნება დასამახსოვრებელი.

მომავლის სამიტი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ „მომავლის სამიტში“ მიიღეს მონაწილეობა. ორივე მათგანი გლობალური მმართველობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე გამოვიდა სიტყვით.

სამიტის შემდეგ კობახიძემ ტვიტერზე დაწერა, რომ „მომავლის სამიტზე“ გამოსვლა შესანიშნავი შესაძლებლობაა. მისი თქმით, საქართველო სრულად უჭერს მხარს მომავლის პაქტის და მისი დოკუმენტების მიღებას და მზადაა პაქტის ძირითადი ელემენტები ეროვნულ პოლიტიკაშიც ასახოს.

შეხვედრები (ან მათი ნაკლებობა)

საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა გაეროს გენასამბლეის 79-ე სესიაში საქართველოსა და დასავლეთს, მათ შორის აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მოხდა, რაც საქართველოს ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ანტიდასავლური რიტორიკითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი უკუსვლითაა განპირობებული.

შარშანდელთან შედარებით, შესამჩნევად მწირი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მაღალი დონის შეხვედრები, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეხვედრებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები არ დაფიქსირებულა.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრები

24 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ტვიტერზე დაწერა, რომ „ნაყოფიერი“ შეხვედრა ჰქონდა გუტიერეშთან და რომ მოუთმენლად ელის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.

იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ორგანიზაციის მნიშვნელოვან წვლილს რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის სხვა შეხვედრების შესახებ არ გავრცელებულა. გასულ წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენასამბლეის ფარგლებში 10 შეხვედრა გამართა, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შარშანდელ 19-თან შედარებით წელს ათი შეხვედრა გამართა, მათ შორის ხუთი აფრიკის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სამი კი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ის არ შეხვედრია.

დარჩიაშვილის სოციალური მედიის პოსტების მიხედვით, აფრიკელ კოლეგებთან დისკუსია ეხებოდა დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას, მიმდინარე თანამშრომლობის მიმოხილვას და მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას.

რაც შეეხება ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დარჩიაშვილი სამ კოლეგას შეხვდა, მათ შორის შვეიცარიელ იგნასიო კასისს, მონტენეგროელ ერვინ იბრაჰიმოვიჩს და სერბ მარკო ჯურიჩს.

მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დარჩიაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ „მადლობა გამოვხატე მონტენეგროს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი გამოცდილების კუთხით, ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის, ასევე მომავალ წლებში კავშირების გაძლიერების შესახებ“.

„ჩვენ მივესალმეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება და გამოვკვეთეთ საქართველოსა და სერბეთს შორის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განვითარებული ურთიერთობების ძირითადი სფეროები. მე აღვნიშნე, რომ სერბეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ძალიან დასაფასებელია“, – დაწერა ტვიტერზე დარჩიაშვილმა სერბ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button