ახალი ამბები

2023 წლის მესამე კვარტალში ევროპიდან 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დეპორტირებული

2023 წლის მესამე კვარტალში ევროპიდან ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის რეადმისია განხორციელდა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 1074 მოქალაქიდან, 696 (მათ შორის 333 კაცი, 164 ქალი და 199 მოზარდი) გერმანიიდან დააბრუნეს; შემდეგ მოდის საფრანგეთი 136 დაბრუნებულით (97 კაცი, 16 ქალი და 23 მოზარდი), შვეიცარია (48), საბერძნეთი (33), პოლონეთი (28), ესპანეთი (26) და იტალია (21).   

გერმანიამ, რომელიც სიის სათავეშია, ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ გააძლიერებს ძალისხმევას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. შედეგად, ჩნდება მოლოდინი, რომ მომავალში ევროკავშირიდან დეპორტაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

„საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში განვიხილავთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი; ამიტომ, არადამაჯერებელია ვივარაუდოთ, რომ იქ სისტემური ჩაგვრაა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Der Spiegel-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ „ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლებმა ადამიანმა შეძლოს ევროპაში შეღწევა“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც განსაკუთრებით არის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. „ეკონომიკური გაჭირვება, ქართული ოცნების მმართველობა, უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ფონი იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს საქართველოს და მიდიან თავშესაფრის საძიებლად“.

კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ანა ბუჩუკურს მიაჩნია, რომ მაშინ როცა პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური ზრდით ამაყობს, „ყოველი მესამე ახალგაზრდა ჩვენი ქვეყნისა ფიქრობს როგორ გაიქცეს საკუთარი ქვეყნიდან, იგივე იმ ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის კატასტროფა, ეს არის ტრაგედია. მე არ ვიცი ეს ხელისუფლება რითი შეიძლება ამაყობდეს“.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button