ახალი ამბები

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა 

ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ „მნიშვნელოვანი ძალისხმევა“ გასწია წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოსაგვარებლად და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, 2 202 მოქალაქეს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადების რაოდენობა 69%-ით გაიზარდა. 2021 წელს 14 600 ასეთი განაცხადი დარეგისტრირდა, ხოლო 2020 წელს – 8 650. ანგარიშის თანახმად, დადებითი გადაწყვეტილებების რაოდენობა მცირედით – 2020 წელს არსებული 4.3%-დან 2021 წელს 4.9%-მდე გაიზარდა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წელს წევრ სახელმწიფოებში არარეგულარულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა და 13 000 გახდა. 2020 წელს მათი რაოდენობა 10 165 იყო. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის რაოდენობა 50%-ით გაიზარდა და 2020 წელს არსებული 2 065-ის ნაცვლად 2021 წელს 3 105 შეადგინა.

რაც შეეხება რეადმისიის თაობაზე თანამშრომლობას, 2021 წელს დაბრუნებაზე მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა 13%-ით შემცირდა, ისევე როგორც დაბრუნებულთა რაოდენობა. საერთო ჯამში, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსი“ 2021 წელს ევროკავშირის რეადმისიის შეთანხმების „დამაკმაყოფილებელი შესრულების“ შესახებ იტყობინება. ამასთან, რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ „კარგი თანამშრომლობა“ აქვთ საქართველოსთან.

მართალია დოკუმენტი მიესალმება საქართველოს თანამშრომლობას დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ის ხაზს უსვამს, რომ ქართული კრიმინალური ქსელები კვლავ აქტიურად არიან ჩართული ქონებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში ევროკავშირში, კერძოდ ბინების ძარცვაში, ავტომანქანებისა და მათი ნაწილების ქურდობაში, ასევე მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში.  ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქართული კრიმინალური ქსელები „კვლავ ჩართულნი არიან თურქეთიდან ევროკავშირში არარეგულარული მიგრანტების კონტრაბანდაში“.

დოკუმენტი შეშფოთებას გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობდა. ამას გარდა, ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორი „სტანდარტული პროცედურების დაცვის გარეშე“ გაათავისუფლეს, რასაც მოჰყვა წუხილები საქართველოს მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების თაობაზე, რაც „ვიზალიბერალიზაციის ამოცანას წარმოადგენს“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ უკეთ უნდა მოაგვაროს კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები და უზრუნველყოს ყველა ასეთი საქმის გამოძიება. 2021 წელს კორუფციის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. კერძოდ, საუბარია მასშტაბური კერძო ინტერესების როლზე და მათ გავლენაზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებზე“.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019-2021 წლებში უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის დანიშვნა, რაც მათი წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორების გარეშე გაკეთდა, არ შეესაბამება ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. „ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ პროცედურის თაობაზე, რამაც ძირი გამოუთხარა სასამართლოს დამოუკიდებლობას და საზოგადოების ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკომისიამ საქართველოსთვის შემდეგი რეკომენდაციები მოამზადა:

  • საქართველოს სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ევროკავშირის მესამე ქვეყნების სიასთან, რომელთაც ევროკავშირში ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან, რომლებიც უკანონო მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროკავშირისთვის რისკს წარმოადგენენ;
  • წევრ ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარებაზე მუშაობის გაგრძელება; უვიზო რეჟიმის შესახებ მიგრანტებზე, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებზე მორგებული საინფორმაციო კამპანიების წარმოება, მათ შორის მათთვის, ვინც უფლებამოსილ პერიოდს აჭარბებს, ასევე, ვინც თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელ განაცხადებს აგზავნის;
  • გაზარდოს ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით კერძო ინტერესებისა და ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში მათი გავლენის წინააღმდეგ, კერძოდ ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და კოორდინაციის გაძლიერებით, ასევე მათთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფით;
  • დაასრულოს მუშაობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე;
  • გააძლიეროს ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირში ოპერაციებთან;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები სრულად შეუსაბამოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მიიღოს/განახორციელოს კანონმდებლობა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასა და საქმიანობას შეაფასებს;
  • უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button