ახალი ამბები

ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აფასებს მათ შესაბამისობას და პროგრესს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა სავიზო პოლიტიკა, საზღვრის მართვა, სასამართლო სისტემა და ანტიკორუფციული ღონისძიებები. სხვა ქვეყნებთან ერთად, ანგარიში საქართველოსაც აფასებს.

სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა:  ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს 24 ქვეყანასთან, რომლებიც ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში, სადაც შესასვლელად ვიზებია საჭირო. საქართველომ 2022 წელს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის მიმართულებით პროგრესს ვერ მიაღწია.

საზღვრის ინტეგრირებული მართვა და მიგრაციის მენეჯმენტი: ანგარიშის მიხედვით, საქართველომ განაგრძო ძალისხმევა თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების საკითხის მოსაგვარებლად. 2022 წელს საქართველომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაამკაცრა, რითიც აღიკვეთა 4677 საქართველოს მოქალაქის გამგზავრება, რომლებიც, როგორც მიიჩნიეს, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის რისკს ქმნიდნენ.

საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებში. 2022 წელს საქართველომ 16 პოლიციელი განათავსა ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების დახმარების მიზნით.

ევროპის სასაზღვრო-სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) თანამშრომლობა კვლავ ძლიერია, რა დროსაც ფოკუსირება ხდება საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებაზე, თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადების შეტანის ჩათვლით.

საქართველო თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან რეადმისიის საკითხზე, სადაც დადებითი გადაწყვეტილებების მაღალი მაჩვენებელი (98%) დაფიქსირდა.

არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის მონიტორინგის ტენდენციები: 2022 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. სულ 26,450 განაცხადით იქნა შეტანილი (2021 წელს 14,635 განაცხადი). აღიარების მაჩვენებელი 2021 წელს არსებული 5%-დან 2022 წელს 7%-მდე გაიზარდა.

2022 წელს დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის არალეგალური გადაკვეთის 25 შემთხვევა. 2022 წელს, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ იმყოფებოდნენ წევრ ქვეყნებში, 87%-ით გაიზარდა და 21 910 ადამიანი შეადგინა. 2021 წელს მათი რაოდენობა 11 695 იყო. საქართველოს მოქალაქეების შესვლაზე უარის თქმის რაოდენობა 31%-ით გაიზარდა – 2021 წელს არსებული 3 030-დან 2022 წელს 3 970-მდე.

2022 წელს 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებების რაოდენობა (2022 წელს 16 275, ხოლო 2021 წელს 10 820), ისევე როგორც დაბრუნებული ადამიანების რაოდენობა (7 760 – 2022 წელს და 4 935 – 2021 წელს – 57%-იანი ზრდა). დაბრუნების მაჩვენებელი ოდნავ გაუმჯობესდა, 2021 წელს არსებული 46%-დან 2022 წლის 48%-მდე.

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება: ანგარიშის თანახმად, საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა კორუფციასთან საბრძოლველად, 2022 წელს ანტიკორუფციული ბიუროს დაარსებისა და კანონმდებლობის მიღების გზით.

„მაღალი დონის კორუფციის საკითხი კვლავ მოსაგვარებელია, განსაკუთრებით ეს ეხება კერძო ინტერესებს და მათ გავლენას პოლიტიკის, სასამართლო სისტემისა და ეკონომიკის სფეროებზე“, – ნათქვამია ანგარიშში,

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მაისში საქართველომ გააფართოვა ქონების დეკლარაციების შევსების რეჟიმი და ის ყველა პროკურორს შეეხო.

გარდა ამისა, საქართველომ მიიღო ახალი ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ტერორისტულ მცდელობებში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპოლი.

საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ფოკუსირებულია კიბერდანაშაულისა და ევროკავშირის მიმართულებით ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროპოლთან და სხვა საერთაშორისო ორგანოებთან სხვადასხვა სამართალდამცავ საქმიანობაში, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები: თავის მეხუთე ანგარიშში, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეუსაბამოს და მიიღოს და განახორციელოს კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმებისა და საქმიანობის შესახებ.

ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ სრულად არ შეასრულა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც უზრუნველყოფს კანდიდატების აპელაციის უფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას. ანგარიშის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განმარტოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათი.

მეხუთე ანგარიში რეკომენდაციას აძლევდა საქართველოს შეენარჩუნებინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა. 2023 წლის ივნისში მიღებული იქნა მონაცემთა დაცვის ახალი კანონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყავდა. თუმცა, ისეთი საკითხები, როგორიცაა მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის წესები და გარკვეული გამონაკლისები/შეზღუდვები, კვლავ გადასაჭრელია.

რეკომენდაციები

  • საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის მიერ შედგენილი მესამე ქვეყნების სიასთან, სადაც ვიზებია საჭირო, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირს არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს უქმნიან;
  • უნდა გააქტიურდეს ქმედებები თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადებისა და წევრ ქვეყნებში არალეგალურად ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად;
  • ქვეყანამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მიგრანტთა კონტრაბანდის შესახებ EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის ქმედებებში;
  • უნდა შეიქმნას აქტივების აღდგენისა და მართვის ოფისი და გაძლიერდეს აქტივების აღდგენის, მოკვლევის, გაყინვის, კონფისკაციისა და განადგურების ძალისხმევა.
  • ქვეყანამ უნდა მიიღოს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და გამოყოს შესაბამისი რესურსები მისი განხორციელებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებასა და აღსრულებას.
  • ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონმდებლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button