ახალი ამბები

ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო დაზვერვის უფროსი: ქართულ საზოგადოებაში რევანშისტული განწყობები იზრდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო დაზვერვის სამსახურის“ დე-ფაქტო ხელმძღვანელმა, ალექსეი ვარზიევმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „რეს“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველო არ აპირებს უარი თქვას ტერიტორიების დაბრუნების რევანშისტურ იდეებზე“. მისი თქმით, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საქართველოს არანაირი სურვილი არ აქვს ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას.

ვარზიევმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიაზე „ანტიოსური და ანტირუსული ძალების პროვოკაციული მოქმედებების“ გააქტიურებას, რაც მან დასავლეთის ქვეყნების გავლენას მიაწერა. „მიუხედავად ოფიციალური თბილისის სამშვიდობო რიტორიკისა, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს, რომელიც ეფუძნება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში დაპირისპირების თავიდან აცილებას, ქართულ საზოგადოებაში რევანშისტული განწყობები მატულობს, რასაც დასავლეთის ქვეყნები აქტიურად აღვივებენ“, – განაცხადა მან.

„უფრო მეტიც, იზრდება ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან დაუფარავი ზეწოლა საქართველოს ხელმძღვანელობაზე. მიზანი აშკარაა – აიძულოს თბილისი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნას“, – დასძინა ვარზიევმა.

ვარზიევის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იმედებს ამყარებენ „ქართული ნაციონალისტური და ნეოფაშისტური ორგანიზაციების წევრებზე, რომლებიც უკრაინის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ და საქართველოში დაბრუნდნენ“. „კერძოდ, სამხედრო ფორმირებების „ქართული ეროვნული ლეგიონისა“ და „კავკასიური ლეგიონის“ მეთაურები სოციალურ ქსელებში ღიად აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი ეტაპი მალე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება”, – აღნიშნა მან.

ვარზიევმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ბოლომდე არაა დარწმუნებული იმაში, რომ სამხედრო ქმედებას მოსალოდნელი შედეგი მოყვება – „კერძოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნება. იმავე აზრზეა ქართული საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილიც“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ოპოზიცია, უკრაინის მთავრობა და საქართველოს დასავლელი პარტნიორები „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებში. ეს რიტორიკა დაგმეს და „დეზინფორმაცია“ უწოდეს როგორც ოპოზიციამ, ასევე საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა.

რუსეთის FSB-ის რეზერვის პოლკოვნიკი ალექსეი ვარზიევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „დაზვერვის“ უფროსად 2017 წელს დაინიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button