კარასინი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩინეთმა და ინდოეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარონ
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მოხდეს.
კარასინმა აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩასვლისას, რუსეთის ფედერაციის მიერ მისი აღიარების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს ყველა დონეზე – მათ შორის ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან – რომ წინ წავიდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების საკითხში. ეს არ არის ადვილი საკითხი, რადგან არის მეორე მხარე – ვგულისხმობ კოლექტიურ დასავლეთს, აშშ-ს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით ახორციელებს ზეწოლას“, – განაცხადა მან.
სენატორმა გამოთქვა რწმენა, რომ ადრე თუ გვიან მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
აღსანიშნავია, რომ გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციიდან მონაწილეობს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, რომელიც 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდომ, ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება, სანამ მას ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ოპოზიციის მხრიდან ხშირი კრიტიკის საგანია. ფორმატს, რომელიც გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს პირისპირ შეხვედრებს ითვალისწინებს, სხვა საკითხებთან ერთად, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამოც აკრიტიკებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)