ახალი ამბები

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საქმიანობის წლიური ანგარიში მოისმინა. ანგარიში სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა წარადგინა, რომელმაც 2022 წელს უსაფრთოების კუთხით საქართველოსა და სამეზობლოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

ლილუაშვილის თქმით, საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები მოიცავს რუსეთის ომს უკრაინაში და სამხედრო კონფლიქტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რამაც 2022 წელი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული გახადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა მნიშვნელოვანი დამატებითი გამოწვევები შეუქმნა საქართველოს უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობას, რამაც ასევე იქონია გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.

შიდა უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა მშვიდობა და სტაბილურობა. „საქართველო დაცული იყო ტერორისტული თავდასხმებისაგან, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების უკონტროლო და დამაზიანებელი აქტივობებისაგან, გარე თუ შიდა ძალების მიერ ინსპირირებული არეულობისა და დესტაბილიზაციისაგან“, – განაცხადა მან.

სუს-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ოკუპაციის შედეგად წარმოშობილი საფრთხეების განეიტრალება და ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო.

ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა „აქტიურ თანამშრომლობას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს პარლამენტს, მათ შორის შესაბამის კომიტეტებსა და ნდობის ჯგუფს შორის.

მოსმენის შემდეგ სუს-ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისა და ე.წ. „ტრენინგის“ საქმეზე, და რეგიონზე ბირთვული თავდასხმის საფრთხეზე მიუთითა.

ოთარ ფარცხალაძე

აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, სუს-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფარცხალაძე „გამოიკითხა და არა დაიკითხა“ და რომ ფარცხალაძემ გამოკითხვიდან მეორე დღეს საქართველო დატოვა. ლილუაშვილმა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით არ გაამხილა, თუ რომელ ქვეყანაში გაემგზავრა ფარცხალაძე, თუმცა არ გამორიცხა, რომ ეს შეიძლება რუსეთი ყოფილიყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რუსეთის დაზვერვის სამსახურთან ფარცხალაძის შესაძლო კავშირების შესახებ.

„ტრენინგის“ საქმე

ე.წ „ტრენინგის“ საქმესთან დაკავშირებით, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ გამოკითხვაზე იბარებენ იმ პირებს, რომლებიც ტრენინგში ან მის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით – „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“,  რაც, მისი თქმით, უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, ტელეკამერების წინ ავრცელებენ. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში მუშაობს ეს ხალხი, „რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია“.

ტრენინგებთან USAID-ის კავშირზე საუბრისას, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ მისმა სამსახურმა მხოლოდ ის გაიმეორა, რაც მათ ჩვენებაში თქვეს. მისი თქმით, USAID-მა „სიამაყით დაადასტურა“ რომ ის აფინანსებდა ტრენინგს. თუმცა, სუს-ის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ყოფილა „არანაირი დაპირისპირებული მიდგომა, როგორის წარმოჩინებასაც ცდილობს მედია“. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთი საკითხია „რამდენად ცნობილი იყო მათთვის [USAID] ტრენინგის გაცხადებული მიზანი“. მანვე განაცხადა, რომ „ტრენინგის მიზანი იყო სხვა და რეალურად, ხალხს ასწავლიდნენ გამოცდილებას,როგორ მოაწყონ რევოლუციები“.

ბირთვული თავდასხმის საფრთხე

სუს-ის უფროსმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ბირთვული თავდასხმის საფრთხეს. „არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში – თავშესაფარი არ გვიშველის, ამიტომ, ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც“.

მისი თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ სპეციალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

არასის ტერორისტის მამა

სუს-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქალაქ არასში თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში არ იმყოფება. მისი თქმით, მის სამსახურს ყოველდღიური კონტაქტი აქვს ფრანგ კოლეგებთან ნებისმიერ ინფორმაციაზე.

ლილუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ტერორისტის მამას ქართული კანონი არ დაურღვევია, რაც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ოდესღაც იმყოფებოდა საქართველოში. „იმყოფებოდა, გადიოდა თუ არ გადიოდა – 8 მილიონი კაცი შემოდის [საქართველოში], თუმცა ამ ადამიანებს, მათ შორის მის მშობელს, ამ მკვლელის მშობელს, საქართველოში კანონი არ დაურღვევია“, – განაცხადა მან.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ არასში 13 ოქტომბერს სკოლის მასწავლებელზე თავდასხმისთვის და მკვლელობისთვის დაკავებული 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვის მამა საქართველოში ცხოვრობს, „სადაც ის ჯერ არ დაუკითხავთ“.

საქართველოს მთავარი მტერი – „დესტაბილიზაციის მომხრე ძალები“

კითხვაზე არის თუ არა რუსეთის საქართველოს მთავარი მტერი, სუს-ის მეთაურმა განაცხადა „არა მარტო“.  მისი თქმით, მთავარ მტრად „ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალებს“ მიიჩნევს. რაც შეეხება რუსეთს, მან აღნიშნა, რომ „რუსეთი ოკუპანტია და 5 საათის განმავლობაში ვსაუბრობდი და ანგარიშიც საჯაროა, სადაც რუსეთი არის ოკუპანტი“.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button