skip to content
ახალი ამბები

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტებზე ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასმებს გმობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 11 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით „გმობს ბოლო პერიოდში ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის შემთხვევებს“.

ცენტრი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საქართველოში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმა აჩენს რისკს, რომ „მედია საქმიანობა ასოცირდებოდეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში მუშაობასთან“. ორგანიზაციის თქმით, ეს პირდაპირ არღვევს მედიის თავისუფლებას და ინფორმაციისა და იდეების გავრცელების უფლებას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „პრესის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებული ნაწილია“ და დასძენს, რომ გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, ხოლო საქართველოში ჟურნალისტების უფლებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლითაა დაცულია.

ცენტრი აცხადებს, რომ „…ხელისუფლების მაღალი თანამდებობების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული სუბიექტური  განცხადებები შესაძლოა იქცეს მოძალადეების გამართლებისა და ძალადობის წახალისების ინსტრუმენტად. რეალურად, ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ერთი მხრივ, გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ძალადობის შემცველი უკანონო ქმედებების აღკვეთისათვის“.

ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 27 ივნისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის დროსაც უცნობმა პირმა სახეში გაარტყა. მშვილდაძისვე განცხადებით, მოცემული თავდასხმისას „ძალადობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულნი, კერძოდ, თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი იყოს“.

ამასთან, განცხადებაში ასევე მოცემულია „ტვ პირველის“ ყოფილი წამყვანის, ვასილ დაბრუნდაშვილის მიმართ შესაძლო უკანონო თვალთვალის მაგალითი. განცხადების თანახმად, დაბრუნდაშვილის სახლიდან დაიკარგა საბუთები, „მათ შორის, თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომელიც მიღებული იყო 2022 წელს უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ ახორციელებდა ჟურნალისტის მოსმენას და მისი ტექსტური შეტყობინებების გაშიფვრას. ასევე, გაუჩინარდა ჟურნალისტის საქმიანობის დამადასტურებელი რამდენიმე საერთაშორისო აკრედიტაცია“.

ორგანიზაციის მიხედვით, დაბრუნდაშვილის საბუთების დაკარგვაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს შეტყობინება 6 დღის დაგვიანებით გაუგზავნა. ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ასეთ ფაქტებზე, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა დამატებით რისკი არ შეიქმნას ჟურნალისტის საქმიანობის თავისუფლებისა და მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის კუთხით“.

რაც შეეხება 13 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილი გაძარცვეს, ცენტრი აცხადებს, რომ მელაძეს აზრით აღნიშნული ძარცვა დაშინების იმიტაციაა სწორედ მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ვინაიდან მისი მანქანიდან მხოლოდ ის ნივთები იყო წაღებული, რაც „მისი ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის, ტელეკომპანიის კუთვნილი კომპიუტერის გარე მყარი დისკი“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასახელებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ განაჩენს, რომლის მიხედვითაც „ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო გამოცემა იძულებული გახდა ფუნქციონირება შეეწყვიტა, სასამართლომ წამებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს ჟურნალისტისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3000 ევროს გადახდა დააკისრა, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლების დაცვა ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა“.

„აღნიშნულ და მსგავსი ძალადობის ფაქტებს შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს და განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე. ფიზიკური თავდასხმები და საფრთხის შემცველი გარემო გამოიწვევს ჟურნალისტების პროფესიიდან და ქვეყნიდან გადინების მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას,“ – წერია განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს ხელისუფლებას ჰქონდეს „სწრაფი და ადეკვატური რეაგირება უსაფრთხო მედია-გარემოს უზრუნველყოფის მიზნით“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, რათა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ძალადობის ყველა შემთხვევა და გააკეთონ მკაფიო განცხადებები გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლების მხარდასაჭერად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button