skip to content
ახალი ამბები

მმართველი პარტია ოპონენტებზე ძალადობრივ თავდასხმებს ამართლებს

ბოლო ათი დღის განმავლობაში მმართველი პარტიის ოპონენტებზე სულ ცოტა 10 თავდასხმა განხორციელდა. მართალია ოფიციალური ვერსიით, ამ თავდასხმების უკან „აღშფოთებული მოქალაქეები“ დგანან, მმართველი პარტია მათ ამართლებს და აქეზებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები წარმატებით წარმოაჩენენ „ქართულ ოცნებას“ პრო-რუსულ ძალად. 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, მმართველი პარტია ფსონს ესკალაციაზე დებს, რათა ერთდროულად ოპონენტების ხმები ჩაახშოს და ისინი ძალადობრივ ჯგუფებად წარმოაჩინოს, რითიც ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერას ართმევს.

ძალადობრივი ქმედებების სერია

ქართული პოლიტიკისთვის ძალადობა სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებზე თავდასხმები ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა.

  • „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც 17 ივნისს ახალგაზრდული ბანაკისკენ მიემართობა, სახეში გაარტყეს.
  • მამაკაცების ჯგუფმა იმავე დღეს ახალგაზრდულ ბანაკს ქვები დაუშინა და იქ მყოფ მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბანაკი ლიბერალური მოსაზრებების მქონე აქტივისტების ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.   
  • სტუდენტებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად უნივერსიტეტში აქციას მართავდნენ, იმავე დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ; ერთ-ერთ მათგანს კი, რომელიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, პალატაში იარაღიანი მამაკაცი შეუვარდა და პოლიციელად გააცნო თავი.
  • ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს 20 ივნისს ქუჩაში კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • 27 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, მიშა მშვილდაძეს, რომელიც სუპერმარკეტში შედიოდა, უცნობმა პირმა სახეში გაარტყა.
  • იმავე დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი სცემეს.

„აღშფოთებული მოქალაქეები“

თავდამსხმელები ყველა შემთხვევაში, გარდა ბოლო შემთხვევისა, ამტკიცებენ, რომ ისინი აღშფოთებული მოქალაქეები არიან, „მამები“, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „ლიბერალებს“ (ჯაფარიძის შემთხვევაში), „წინაპრების შეურაცხყოფას“ (ბერძენიშვილის შემთხვევაში), „ჰომოსექსუალების დაცვას“ და „ბავშვების გარყვნას“ (ჯაფარიძე, მშვილდაძე), ასევე „პატრიარქის შეურაცხყოფას“ (ჯაფარიძე, მშვილდაძე).

  • ჯაფარიძისა და მშვილდაძის თავდამსხმელებმა „ფეისბუქზე“ თითქმის იდენტური გზავნილები გამოაქვეყნეს, სადაც საკუთარ თავს მამებად და უბრალოდ კაცებად წარმოაჩენდნენ და თავდასხმის მოტივებსა და საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ.
  • ანალიოგიური მოტივები გააჟღერეს ე.წ. „კონსერვატორმა“ თავდამსხმელებმა ახალგაზრდულ ბანაკზე.

რას ამბობენ ისინი?

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ძირითადად ძალადობას ამართლებენ და ბრალს მეორე მხარეს სდებენ.

  • ძალადობის წახალისება:
  • დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, დიასპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, 26 ივნისს პარლამენტში განაცხადა, რომ „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს“.
  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ქართული ოცნებიდან“ დაწერა „ფეისბუქზე“, რომ „არასდროს არ დავგმობ საქართველოს მტრებზე ძალადობას! პირიქით, წავახალისებ.“
  • ძალადობის გამართლება: მმართველი პარტიის ლიდერებმა ბრალის ოპონენტებზე გადატანის პრაქტიკას მიმართეს.  
  • მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?“ მისი თქმით, ოპოზიცია „არასამთავრობოებისა და ელჩების“ მხარდაჭერით ძალადობის გაღვივებას უწყობს ხელს. „კონკრეტულმა ელჩმა“ უთხრა ახალგაზრდებს, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი, განაცხადა კობახიძემ დაკონკრეტების გარეშე.
  • თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ძალადობა არის მიუღებელი“. მისი თქმით, „ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალური, ტელევიზიების საშუალებით, რაც სამწუხაროა“. „როცა კონკრეტულ შეკითხვაზე არ მაქვს სურვილი, რომ გაგცეთ პასუხი, ამ დროს როგორ იქცევიან ჟურნალისტები? ესეც ძალადობაა“.
  • პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა გაამართლა და აღნიშნა, რომ  „გირჩი“ ექსტრემისტული ჯგუფია, რომელიც „დაკავებულია რადიკალიზაციით, არ აღიარებს არც სისტემას, არც კანონებს“.
  • დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, კახა კალაძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადეს, რომ თავად მსხვერპლები არიან პასუხისმგებელნი იმ რისხვაზე, რაც მათმა მიუღებელმა შეხედულებებმა გამოიწვია.

სიახლეა თუ არა ეს?

მმართველმა პარტიამ იგივე ტაქტიკა წარსულშიც გამოიყენა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წინა ხელისუფლების ცნობად სახეებს ქუჩებში ესხმოდნენ თავს. პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის 2021 წლის 5 ივლისის განცხადება ბევრმა მედიისა და ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის გამართლებად ჩათვალა, რასაც ძალადობრივი დარბევა მოყვა. ოპონენტების დეჰუმანიზაციის მცდლობებს არჩევნებამდე ხშირად ჰქონდა ადგილი, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ჯგუფები ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით ქუჩებში „სისხლიან პლაკატებს“ აკრავდნენ.

რა იქნება მომავალში?

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ოპონენტების წინააღმდეგ „ძალადობის ვერბალურ ნორმალიზებას“ მიმართავს და ისეთ ნარატივებს ავრცელებს, რაც ამ ძალადობის „ნამდვილ მოტივებს“, მაგალითად, ხელისუფლების კრიტიკის აუტანლობას, გადაფარავს იმ საკითხებით, რაც „საზოგადოების აღშფოთებას ეფექტიანად გამოიწვევს“.

  • მსგავს ტენდენციას აქვს ადგილი, როდესაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო ინაცვლებს „სუვერენისტული“ და „კონსერვატიული“  პოლიტიკური პლატფორმის მხარეს, რათა საკუთარი თავი ტრადიციებისა და ფასეულობების დამცველად წარმოაჩინოს და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ „ლიბერალებს“ დაუპირისპირდეს.
  • მიმდინარე ესკალაცია ასევე მიუთითებს მმართველი პარტიის სურვილზე, რომ მკაცრი პოლიტიკის მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინოს 2024 წლის არჩევნების წინ მას შემდეგ, რაც „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შედეგად გარკვეული წარუმატებლობა განიცადა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button