ახალი ამბები

„მთის ამბები“ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება

ადგილობრივი ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ ეხმიანება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმას გამოცემის მიერ შოვის ტრაგედიის აქტიური გაშუქების გამო.

განცხადებაში ნათქვამია: „ბოლო დღეებში „ქართული ოცნება“ „მთის ამბების“ წინააღმდეგ აწარმოებს აგრესიულ კამპანიას… პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და სხვა საჯარო პირების დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები ახალისებს ძალადობის სახიფათო ფორმებს“. მედია გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს კამპანია „…საფრთხეს უქმნის ჩვენი ჟურნალისტების ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და პროფესიულ საქმიანობას“ და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

გამოცემის გამოხმაურებაში, რომელიც „მთის ამბების“ თქმით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებებით იყო განპირობებული, წერია: “ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საზოგადოების ინფორმირება, განსაკუთრებით კრიზისული ვითარების დროს. ახლაც მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული, ხელისუფლების მიზანია მოგვაცდინონ, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაგვატანინონ, საზოგადოებაში კი დაბნეულობა შეიტანონ. არ ვაპირებთ, ხელისუფლებას შევყვეთ პოლიტიკურ დებატებში“.

დღეს გამართულ პრესს-კონფერენციაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მედია ამ ბოლო დღეებში „დეზინფორმაციულ ტალღა[ს]“ ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ „ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ“. მან ჩამოთვალა ცხრა „ცრუ“ ინფორმაცია, რომლებიც „თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა“. მან კონკრეტულად ახსენა „მთის ამბები“, როგორც ის მედია საშუალება, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა შოვში ჩამოწოლილი ღვარცოფის შესახებ.

ონლაინგამოცემა ასევე აღნიშნავს: „მთავრობა აღარ გვიშვებს სტიქიის ზონაში, შეზღუდული აქვს სახელმწიფო უწყებებში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. ფაქტობრივად, არ გვაქვს წვდომა მთელ რიგ დოკუმენტებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სტიქიური უბედურების მიზეზების კვლევას, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენას და საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას“.

„მთის ამბები“ ონლაინგამოცემაა, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მაღალმთიან რეგიონებზე კონცენტრირდება. იგი ავრცელებს სიახლებს მაღალმთიანი რეგიონებიდან – თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთაში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე წერას. „მთის ამბები“ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შესახებ ყველაზე სწრაფად ავრცელებდა სანდო ინფორმაციას. მას ასევე აქვს არქივი, სადაც რამოდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია ინახება, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებაები რაჭაში ბუნებრივი კატასტროფის რისკების შესახებ, რაც მთავრობის მიერ დიდწილად იგნორირებული იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button