DW Academie-ს კვლევა: პოლარიზაცია, თავდასხმები ჟურნალისტებზე და სუსტი სარეკლამო ბაზარი მედიის მთავარი გამოწვევებია
საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ DW Akademie-ს მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული კვლევაში სახელწოდებით – „მედიის თავისუფლება იკლებს“ – ნათქვამია, რომ მედია მთლიანად პოლარიზებულია და თითქმის მთლიანად პარტიულ-პოლიტიკურ დღის წესრიგზეა ორიენტირებული. მედიის წინაშე არსებულ მთავარ პრობლემებს შორის დასახელებულია ჟურნალისტების უსაფრთხოების ნაკლებობა, სუსტი სარეკლამო ბაზარი, თვალთვალი და მუქარა ჟურნალისტების მიმართ.
კვლევა საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს და ქართული მედიის წარმომადგენლების წუხილებს ფართო აუდიტორიას უზიარებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში შექებას იმსახურებდა რეფორმებში მიღწეული წარმატების გამო და ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნად მიიჩნეოდა, ბოლო წლებში დემოკრატიზაციის მიღწევები შეჩერებულია.
კვლევის თანახმად, მაღალი პოლარიზაციის გარდა, რაც რესპონდენტების 97.9%-მა პრობლემად შეაფასა, მტრული ხელისუფლება და სახელმწიფო თვალთვალი, მუქარა და თავდასხმები (მათ შორის, ფიზიკური) მედიაპროფესიონალებზე, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა კრიტიკული მედიისთვის (მათ შორის, წვდომა საჯარო ინფორმაციაზე) , ჟურნალისტების უსაფრთხოება და სუსტი სარეკლამო ბაზარი, რაც მედიას უფრო მგრძნობიარეს ხდის გარე გავლენის მიმართ, სწორედ ის პრობლემებია, რაც ქართულ მედიაგარემოს ახასიათებს. კიდევ ერთი გამოწვევაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რაც კიდევ უფრო გამწვავდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, რა დროსაც პრორუსული ჯგუფები საქართველოში კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ყველაფერ ამას თან სდევს ანტიდასავლური ნარატივები, რა დროსაც ვრცელდება პროსახელისუფლებო მედია საშუალებების მიერ მხარდაჭერილი გზავნილი, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.
კვლევა აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკურ სიახლეებსა თუ მიმდინარე საკითხებზე ყველაზე ხშირად გამოყენებულ ინფორმაციის წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება და მოსახლეობის უმეტესობა (87.9 %) ინფორმაციის წყაროდ ტელევიზორს იყენებს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2021-დან 2022 წლამდე „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) შეფასებაში მკვეთრად დაეცა ქვეყნის მედიის თავისუფლების ინდექსი. კერძოდ, პრესის თავისუფლების ინდექსმა 29 პუნქტით დაიკლო და ქვეყანამ მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა (180 რანჟირებული ქვეყნიდან და ტერიტორიიდან).
ასევე წაიკითხეთ:
- 29/03/2023 – ხელისუფლების „თავდასხმის“ ფონზე არასამთავრობოები „პალიტრა მედიას“ სოლიდარობას უცხადებენ
- 25/03/2023 – ელჩი დეგნანი: ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს შევიწროებას საქართველოში
- 27/02/2023 – 60-ზე მეტი მედიასაშუალება ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტს
- 08/01/2022 – ლექსო ლაშქარავა იუნესკომ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა
- 13/07/2021 – ფოტოამბავი: „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ბოლო გზაზე გააცილეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)