ახალი ამბები

საქართველო სურსათის იარაღად გამოყენების შესახებ გაეროს კომუნიკესა და ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა

საქართველო გაეროს იმ წევრ სახელმწიფოებს შორისაა, რომელთაც სოლიდარობისა და ერთგულების ნიშნად, ხელი მოაწერეს აშშ-ის ეგიდით მიღებულ ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც სურსათის იარაღად და სამოქალაქო მოსახლეობის შიმშილობის ომის ტაქტიკად გამოყენების დასრულების მიზნით სათანადო ზომების მიღებას ითვალისწინებს. კომუნიკეს 91 სახელმწიფო შეუერთდა.  

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც როტაციის წესით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, ისეთ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა სურსათის უსაფრთხოება და რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

საქართველო ასევე შეუერთდა იმავე საკითხზე ევროკავშირის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს სურსათის იარაღად გამოყენება, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას და დაასრულოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება.

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისადმი ერთგულების თვალსაზრისით, როგორც ამას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან 2022 წელს არსებული ისედაც დაბალი 44%-დან წელს 31%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ასოცირებული ტრიოსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button