ევროკავშირი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საქართველოს გადაწყვეტილების გამო სინანულს გამოთქვამს
ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ 16 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს საქართველოს გადაწყვეტილების გამო, განაახლოს ფრენები რუსეთთან მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.
ევროკავშირის პრესსპიკერის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, ევროკავშირი და მისი პარტნიორები კრძალავენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთისკენ და რუსეთის თავზე. მან ხაზი გაუსვა, რომ „ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს და ძალიან სამწუხაროა“. სტანომ ის წუხილებიც გაიხსენა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთის ავიაციის სექტორის და თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას გადასცა.
რაც შეეხება საქართველოს გადაწყვეტილებას რუსული ავიაკოპანიისთვის პირდაპირი ფრენების განხორციელებაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისადმი ერთგულების თვალსაზრისით, როგორც ამას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. მან იქვე დასძინა, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან 2022 წელს არსებული ისედაც დაბალი 44%-დან წელს 31%-მდე დაეცა.
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს. ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. წლის ბოლოს, საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის.
ბალკანეთიდან ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებს/პოტენციურ კანდიდატებს რომ შევადაროთ, ჩრდილოეთ მაკედონიის შესაბამისობის მაჩვენებელი 2022 წელს 100% იყო; მონტენეგრო – 100%; ალბანეთი – 100%. ბოსნია და ჰერცეგოვინამ გარკვეული პროგრესი აჩვენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან და შემზღუდველ ზომებთან შესაბამისობის გაუმჯობესების კუთხით და 2022 წლის აგვისტოს ბოლოს 81%-ს მიაღწია. სერბეთის შესაბამისობის მაჩვენებელი 2022 წელს 48% იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/05/2023 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს აეროპორტებში კომპანიების დასანქცირებას არ გამორიცხავს
- 11/05/2023 – ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)