Placeholder canvas
ახალი ამბები

ჩინეთი და რუსეთის მეგობარი სახელმწიფოები რუსული აგრესიის შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარს უჭერენ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 26 აპრილს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „თანამშრომლობა გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის“. რეზოლუციის მე-9 პუნქტი ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. რეზოლუციას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის, ჩინეთმა და რუსეთისადმი მეგობრულმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა: სომხეთი, ყაზახეთი, ინდოეთი და ბრაზილია.

რეზოლუციის მე-9 პუნქტში ნათქვამია, რომ „ვაღიარებთ რა, რომ ევროპის წინაშე არსებულ უპრეცედენტო გამოწვევებს შორისაა რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინისა და მანამდე საქართველოს წინააღმდეგ და ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეწყვეტა, მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ“. რეზოლუცია მიზნად ისახავს მშვიდობისა და უსაფრთხოების სწრაფად აღდგენას და შენარჩუნებას, ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატივისცემასთან ერთად. დოკუმენტი ხაზს უსვამს საომარი მოქმედებების დროს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის უზრუნველყოფის გადამწყვეტ მნიშვნელობას, მსხვერპლთათვის ზარალის ანაზღაურებას და საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე პასუხისმგებელი ყველა პირის სამართალში მიცემას.

ჰელსინკის კომისიამ ხაზი გაუსვა სომხეთისა და ყაზახეთის მიერ რეზოლუციის სასარგებლოდ ხმის მიცემის მნიშვნელობას და Twitter-ზე აღნიშნა, რომ „2022 წელს, [რუსეთის უკარაინაში] სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ორივე ქვეყანა ცდილობდა მოსკოვისგან დისტანცირებას და დასავლეთთან დაახლოებას და ისინი იმსახურებენ აღიარებას რუსეთის მუქარის მიუხედავად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის“.

დოკუმენტის განხილვისას, რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რეზოლუციას არ დაუჭერდა მხარს იმ პუნქტის გამო, რომელშიც რუსეთი იყო ნახსენები და რომელსაც, მისი თქმით, „არანაირი კავშირი არ აქვს რეზოლუციის თემასთან და უაღრესად პოლიტიზირებული ხასიათისაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია, რეზოლუცია აღიარებს ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებს, „ტექსტის ავტორები განზრახ დუმან უკრაინის რვაწლიან ომზე დონბასის მაცხოვრებლების წინააღმდეგ“ და „ნატოს აგრესიაზე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წინააღმდეგ 1999 წელს“. ნებენზიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუციის პოლიტიზირება კიდევ ერთი მაჩვენებელია დასავლეთის ქვეყნების მზადყოფნისა მსხვერპლად შესწირონ რეგიონული ორგანიზაციების ავტორიტეტი და გენერალურ ასამბლეაში განხეთქილების პროვოცირება მოახდინონ.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხუთმა ქვეყანამ მისცა ხმა. რუსეთთან ერთად მათ შორის იყვნენ: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა და სირია. 18 ქვეყანამ, მათ შორის, ყირგიზეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button