skip to content
ახალი ამბები

საქართველომ ჩინეთისგან „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო

საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩინეთისაგან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ („კორონავაკი“) ვაქცინის 100,000 დოზა მიიღო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვაქცინები 29-30 აპრილის ღამეს უნგრულმა მხარემ ჩამოიტანა.

ე.წ. ტრადიციული მეთოდით დამზადებული „კორონავაკის“ ვაქცინა, რომელსაც პეკინში დაფუძნებული ბიოფარვაცევტული კომპანია „სინოვაკი“ აწარმოებს, მსოფლიოს 22 ქვეყანაში გამოიყენება. სხვადასხვა ქვეყანაში სინოვაკის ვაქცინამ ვირუსთან წინააღმდეგ ეფექტიანობის განსხვავებული შედეგები აჩვენა. ასე მაგალითად, ბრაზილიაში ჩატარებული ცდებისას ეფექტიანობის მაჩვენებელი 50%-ს მცირედით აღემატებოდა, ინდონეზიაში – 65.3%, მეზობელ თურქეთში კი – 91.25%.

ორდოზიანი ვაქცინა 2-დან 8-გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ინახება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ვაქცინის ორი დოზის შეშხაპუნებებს შორის ინტერვალი 21 დღე უნდა იყოს.

საქართველოში ჩინეთში წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინის – სინოფარმის“ 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. „სინოფარმზე“  რეგისტრაცია ქვეყანამ 18 წელს მიღწეული პირებისთვის 27 აპრილიდან გახსნა, მისით ვაქცინაციის დაწყება კი მაისის პირველი დღეებიდანაა მოსალოდნელი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ „სინოფარმის“ ჩამოსვლისას განაცხადა, რომ მისით ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ავტორიზაციიდან მიიღებს. ჯანმოს სინოფარმსა და სინოვაკზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

საქართველომ კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში პირველად ბრიტანულ-შვედური ასტრაზენეკას ვაქცინის 43,200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა.  გერმანულ-ამერიკული ფაიზერის ვაქცინის 29,250 დოზა კი ქვეყანამ 25 მარტს მიიღო. ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სწორედ ამ ორი ვაქცინითაა შესაძლებელი.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყნის 3.7 მილიონ მცხოვრებთაგან 60%-ის აცრას მოასწრებს. თუმცა ვაქცინაციის დაწყებიდან დაახლოებით 6 კვირის თავზე, 30 აპრილის მდგომარეობით, მხოლოდ 45,338 ადამიანია აცრილი, რაც მოსახლეობის დაახლ. 1.2%-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button