ახალი ამბები

აშშ-ს ყოფილი ელჩები მოუწოდებენ მთავრობას უზრუნველყოს სააკაშვილისთვის საჭირო მკურნალობა

აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას, დაუშვას „დაპატიმრებული და დაუძლურებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მკურნალობა“.

აღნიშნული განცხადებით ელჩები უილიამ ჰარისონ კორტნი (1995-1997), კენეტ სპენსერ იალოვიცი (1998-2001), რიჩარდ მონრო მაილსი (2002-2005), ჯონ ფ. ტეფტი (2005-2009) და იან კელი (2015-2018), შეუერთდნენ საერთაშორისო შეშფოთებას, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთველობის გაუარესება ნათელი გახდა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას.

განცხადებაში ყოფილი ელჩები ხაზს უსვამენ მნიშვნელოვან განვითარებებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში. მათ მოჰყავთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების Amnesty International-ის და Human Rights Watch-ის შეფასებები, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ქართველი ექსპერტების დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა.

ელჩები აღნიშნავენ, რომ გასული წლის დეკემბერში სასამართლო სამედიცინო ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს სააკაშვილისთვის, საქართველოში ამ ეტაპისთვის მიუწვდომელი მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობა. ელჩები ასევე აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, პოლონელი სამედიცინო პერსონალის აკრედიტაცია საქართველოში მის გამოსაკვლევად, სავარაუდოდ, მალე გაიცემა.

გარდა ამისა, ყოფილი ელჩები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სააკაშვილის არასათანადო მოპყრობაზე, შესაძლოა დაექვემდებარონ მკაცრ სანქციებს აშშ-ს ადამიანის უფლებათა გლობალური ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის აქტის თანახმად (ის უფლებას აძლევს პრეზიდენტს დააწესოს ეკონომიკური სანქციები და აკრძალოს აშშ-ში შესვლა ნებისმიერი უცხო პირისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში). ამასთან, ამან შესაძელოა საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის სხვა სახის თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

ყოფილი ელჩები ასევე ხაზს უსვამენ, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვამ და უკრაინამ უკვე მიაღწიეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, საქართველოს მისწრაფებები ამ კრიზისმა შეიძლება შეაფერხოს, აღნიშნავენ ელჩები. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ მისწრაფებებს, სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობამ კი შეიძლება საქართველო დასავლეთს უფრო დააშოროს და არა დაახლოვოს. ყოფილი ელჩები აცხადებენ, რომ „სააკაშვილი ციხეში რომ დაიღუპოს, უფრო მკაცრი სანქციების ალბათობა გაიზრდება. გარდა ამისა, მისმა სიკვდილმა ასევე შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ევროკავშირისა და NATO-ს საქართველოს წევრობის პოტენციალის განხილვას”.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button