რეაქციები პრაიდის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე
8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება რადიკალური ძალების მიერ ორგანიზებული აქციის გამო ჩაიშალა.
„სამოქალაქო საქართველო“ პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ განვითარებული მოვლენების შეფასებას გთავაზობთ.
პრეზიდენტის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაიდფესტის ჩაშლაზე განაცხადა, რომ „დღეს ქვეყანაში დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გაცემული პირობა. კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის უფლება და 21-ე მუხლი – შეკრების თავისუფლება“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დასკვნითი ღონისძიება დახურულ სივრცეში უნდა გამართულიყო, ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ადგილსა და დროს, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული სამართალდამცველებთან, რომლებსაც „დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყი, ვინაიდან შეკრების უფლება დაცულიყო. შესაბამისად, სამართალდამცველების განცხადება, რომ ორგანიზატორების ევაკუაციის გარეშე უსაფრთხოება დაცული ვერ იქნებოდა, საშიშ პრეცედენტს ქმნის, რის მიხედვითაც მომავალში „ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება…“.
სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მოქმედი დეპუტატების მიერ კონტრაქციის სოციალური ქსელების მეშვეობით წაქეზებაზე. მან განაცხადა, რომ: „რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგებზე“.
სიტყვის დასასრულს პრეზიდენტმა მოუწოდა შსს-ს აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება, ხოლო მმართველ გუნდს კი „შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება“.
სახალხო დამცველის განცხადება
საქართველოს ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოში კონსტიტუციითაა დაცული და ამ უფლების დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად წინასწარ არსებული შეთანხმებისა, შსს-მ ვერ მოახდინა ტერიტორიის სათანადოდ დაცვა და ვერ გაატარა ყველა პრევენციული ღონისძიება, რის შედეგადაც პრაიდფესტი ჩაიშალა.
“სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება,” – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკური გამოხმაურება
მმართველი გუნდის შეფასება
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ვნახეთ, რომ [ლისის ტერიტორიაზე] პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ… არავინ დაზარალებულა, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა… ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა… მე ვიცი, რომ პოლიცია ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა… მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება იყო დაცული“.
გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „პრაიდის კვირეული და სხვადასხვა ღონისძიებები, ამის საწინააღმდეგო აქციები, მასშტაბური, ნაკლებად მასშტაბური, ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. მაგრამ საქართველოში დღეს სხვა რეალობაა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა უფრო დააზიანოს, ვიდრე ვთქვათ საფრანგეთი, სადაც დაპირისპირებები ამ ნიადაგზე ხდება, იგივე პოლონეთი ან ევროპის სხვადასხვა ქვეყნები… ფაქტია, რომ უფრო მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა, საქართველო“.
მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნება“, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: „ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ შეიძლება საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებთანაც ვერ ვთანხმდებით, გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, მოსაზრებები მათი ცხოვრების წესთან დაკავშირებით… მაგრამ არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს ასეთ დროს უფლება მისცეს იძალადოს საზოგადოების მეორე ნაწილზე, სხვა ადამიანზე… მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ბუნებრივია, სახელმწიფო ნებისმიერი კანონგარეშე აქტის პრევენციასაც მოახდენს და მკაცრი რეაგირებაც ექნება. რაც არ უნდა განსხვავებულად, არასწორად მიგვაჩნდეს სხვისი აზრები, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ ფიზიკურად თავს ვესხმოდეთ სხვას – ეს კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და მეტი თავშეკავებით უნდა მიუდგნენ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს“.
ოპოზიციის შეფასება
თეონა აქუბარდია, „რეფორმატორთა ჯგუფი“: „სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაპირებული განცხადების მიუხედავად, პირობა არ შეასრულა, ვერ არა, არ შეასრულა და ამით კიდევ ერთხელ, ჩვენ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ დგას ულტრარადიკალურ, პრორუსულ დაჯგუფეფებზე, მისი ძალაუფლება დგას სწორედ ამ ხალხზე“.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ… არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის. მითუმეტეს, არავინ მათ არ დაშლის წყლით, გაზით და ხელკეტებით… ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტრის ინტერესებშია… რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ“.
ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „მიუხედავად იმისა ეთანხმები თუ არა პრაიდის ყველა მოთხოვნას, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არის ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების ფუნდამენტი“.
„სინამდვილეში პრაიდის თემა იქცა კარგ ტესტად… ხელის გულზე ვაჩენთ ვის აქვს ტრაკი დაუპირისპირდეს ქვეყანაში არსებულ სიბნელეს, რომელიც კონცენტრირდა ოცნების, საპატრიარქოსა და კრიმინალური სამყაროს რუსულ სიმბიოზში, და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. ეს სიბნელე ყოველთვის და ყველგან იწყებდა ყველაზე დაუცველების გაჩუმებით. თუ ვინმეს გგონიათ პრაიდზე გაჩერდებიან, ძალიან სცდებით… არაა ეს მარტო პრაიდის ამბავი, ყველას ბრძოლაა ეს. ასე რომ, თუ რამის გჯერათ, იბრძოლეთ, არ გაჩერდეთ და არ გაჩუმდეთ. თავისუფლება მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება!”
გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“: „ყველა, ჩვენზე უფრო ბევრად წარმატებულ… ქვეყნებშიც არსებობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები, თუ შავრაზმელი ჯგუფები. აქ, საკვანძო ის არის, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის რეჟიმის ნაწილია და მათი ინსტრუმენტია… ლისის ტბის იქით წავიდნენ და იქ დააორგანიზეს ეს სამარცხვინო, ამაზრზენი ამბავი, რატომ, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმს სჭირდება ამ თემით საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა ან ამის მცდელობა. ამ თემას ისინი იყენებენ ჩვენი, დასავლური, თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ. ეს არ არის პრობლემა ერთი ჯგუფის, ამ შემთხვევაში სექსუალური უმცირესობის ან ვინც [მათ საწინააღმდეგო] აქციას აორგანიზებდა, ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის, ყველა მოქალაქის მომავლის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“.
პარტია „ევროპული საქართველო“: „ხელისუფლებამ კვლავ უარი განაცხადა პრაიდის ფესტივალის მონაწილეების ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფაზე, მოტყუებით მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები და კვლავ დააყენა ისინი შავრაზმული ფიზიკური ძალადობის საფრთხის წინაშე და მისივე მოკავშირე პუტინისტური კრიმინალური ჯგუფების მოგერიების ნაცვლად, თავად ფესტივალის მონაწილეები გაიყვანა კერძო საფესტივალო ტერიტორიიდან.
ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული და მისი ქვეყნის მართვიდან ჩამოშორების გარეშე საქართველოს არცერთი მოქალაქე არ იქნება მსგავსი ძალადობისგან დაცული. ხელისუფლება პუტინისტების ხელით არა ამ კონკრეტული ჯგუფების, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ებრძვის…“.
პარტია „დროა“: „საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგ ჯერზე არ შეასრულა საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეების დაცვაზე მოძალადე ჯგუფებისგან. ეს პირველად არ ხდება და არც გასაკვირია, რადგან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერაა დაფინანსებული, ორგანიზებული და დაუსჯელობით წახალისებული ეს მოძალადე ჯგუფები. საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოაწყო ძალადობის დემონსტრირება. ხელწერა იგივეა – ჟურნალისტებზე და განსხვავებულ, მათთვის მიუღებელ საზოგადოების ნაწილზე თავდასხმა“.
ელენე ხოშტარია, პარტია „დროა“: „ყველას უდიდესი მადლობა ეკუთვნის, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვის იდეისთვის, ადამიანების უფლებების დაცვისთვის. დღეს ვგულისხმობ პრაიდის ხალხს და ჟურნალისტებს“.
„სინამდვილეში დღევანდელი პრაიდი იქნებოდა თუ კულტურა, რუსეთი გვებრძვის, ზოგადად კი არა, კონკრეტულად, კონკრეტულად ოცნების ხელით, ხან მაკდონალდსზე თავდასხმით და ხან რა ფარისევლობით… მთავარი მგონია, ყველა შევთანხმეთ, რომ ყველა სფეროს, ადამიანისა და იდეის გადარჩენის ხაზი გადის რეჟიმის ცვლილებაზე…“.
გიგა ლემონჯავა, პარტია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი: „დღევანდელი მოვლენები ორგანიზებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. მათივე შექმნილი ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების გამოყენებით. პოლიციამ, პრაქტიკულად ფესტივალის ადგილამდე მიაცილა მოძალადეთა ჯგუფი. ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა იყო ამ ძალადობრივი ჯგუფის მიზანი და ამოცანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღევანდელი ძალადობის, მოვლენების მთავარი ავტორები არიან“.
დიპლომატიური კორპუსის შეფასება
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: „ევროკავშირის დელეგაცია წუხს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის გაუქმების გამო. იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა ვერ მოხდა. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და სჩადიოდნენ ძალადობას, უნდა გასამართლდნენ“.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო: „დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“.
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში: „გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს თბილისი პრაიდის დღევანდელ ღონისძიებაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის“.
პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, ასევე დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა „თბილისი პრაიდს“.
პეტრ მიკისკა, ჩეხეთის ელჩი საქართველოში: „შოკისმომგვრელი სურათები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“.
მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში: „შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“.
მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში: „მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ „თბილისი პრაიდფესტი“ დღეს ვერ გაიმართა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, მიუხედავად უსაფრთხოების გარანტიებისა, რაც წინასწარ იყო დაპირებული. სრულად უნდა გამოიძიონ და გაასამართლონ დღეს და წარსულში ძალადობის ყველა ორგანიზატორი“.
საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: „ევროპის საბჭო გმობს იმ ძალადობას, რომელიც წინ უსწრებდა და ხელი შეუშალა თბილისი პრაიდს. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია“.
ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი: „კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)