skip to content
ახალი ამბები

მოძალადე ჯგუფებმა “თბილისი პრაიდის” ფესტივალი ჩაშალეს

დღეს, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ თბილისი პრაიდის მიერ კერძო სივრცეში დაგეგმილი დახურული ღონისძიება ალტ-ინფოს ორგანიზებულმა მოძალადე ჯგუფმა ჩაშალა. ეს მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ტერიტორია ფესტივალის დროს დაცული იქნებოდა.

დღევენდელი ძალადობის ორგანიზატორები ადრეც იყვნენ ჩართულნი ქვიარ თემის მიმართ აგრესიაში. ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ისინი არაერთხელ იმუქრებოდნენ დაგეგმილ ფესტივალზე თავდასხმით. ამ განცხადებების მიუხედავად, პოლიცია ძალადობას სათანადოდ მომზადებული არ შეხვდა.

ვაჟა-ფშაველას ძეგლთან დღეს გამართულ ულტამემარჯვენე ძალების აქციაზე არაერთხელ გაისმა ძალადობისკენ მოწოდება, თუმცა ფესტივალის ტერიტორიისკენ მათი მსვლელობა პოლიციამ არ შეაჩერა, ფესტივალის ჩატარების ადგილ, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიამდე მიაცილა და არაეკიპირებული პოლიციის მიერ გაშლილი რამდენიმე კორდონით შეეცადა შემტევი ბრბოს შეჩერებას.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო მომენტში ფარებით აღჭურვილი პოლიციელებიც გამოჩნდნენ, მოძალადეებმა კორდონები ადვილად გაარღვიეს და ტერიტორია დაარბიეს. პოლიციამ ფესტივალის მონაწილეები და აქტივისტები ტერიტორიას წინასწარ მომზადებული მიკროავტობუსებით გაარიდა.

ორგანიზატორებმა მოუწოდეს სხვა მიწვეულ სტუმრებს, თავი შეეკავებინათ ფესტივალზე მისვლისგან საკუთარი უსაფრთხოებისთვის და იმედგაცრუება გამოთქვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პრაიდის ღონისძიების უსაფრთხოება.

მოძალადეთა დილის მანიფესტაცია

ულტრამემარჯვენე გაერთიანებების მოწოდებით მოქალაქეთა ჯგუფები დღეს დილით შეიკრიბნენ ვაჟა ფშაველას გამზირზე, სადაც ლიდერები საჯაროდ დაიმუქრნენ ფესტივალის ტერიტორიის ბლოკირებით. მათ განაცხადეს, რომ იქ ფესტივალის გამართვის უფლებას „მხოლოდ ნამდვილ ქართველებს“ მისცემდნენ.

ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ ლისის ტერიტორიისკენ მიმავალი სამივე გზა „ქართველი ხალხის მიერ“ გადაიკეტებოდა, რათა დღეს ღონისძიება არ ჩატარებულიყო.

ქარდავას გამოეხმაურა მოძალადე ჯგუფის კიდევ ერთი ლიდერი ირაკლი მარტინენკო. მან თქვა, რომ ფესტივალის ტერიტორია ალყაში მოექცეოდა. “რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეგვხვდეს ადგილზე, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ,” – განაცხადა მარტინენკომ.

პოლიცია თავის მოქმედებას ამართლებს

შსს-ს ცნობით, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ “გადაჭარბებულმა აქტივობამ” პოლიციას გაურთულა ბრბოს ეფექტური მართვა, რის შედეგადაც ფესტივალის ორგანიზატორების და მონაწილეების ევაკუაცია მოხდა.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების მომზადებისას აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც მათ „უსაფრთხოების მყარ გარანტიებს“ დაჰპირდა, თუმცა მან ეს დაპირება დღეს არ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეკრებილი ჯგუფები არ მალავდნენ თავიანთ ძალადობრივ განზრახვას.

მოვლენების შემდგომი განვითარება

მას შემდეგ, რაც მარბიელი შეიჭრა ფესტივალის ტერიტორიაზე, მათ დაარბიეს იქ დადგმული ინსტალაციები, მიითვისეს ფესტივალისთვის დაგეგმილი საგნები, ინვენტარი და გამაგრილებელი სასმელები, დაწვეს პრაიდის დროშები და ფესტივალის პლაკატები.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა ზურაბ მახარაძემ მომხდარი „გამარჯვებად“ შეაფასა და განაცხადა: „ახლა, ჩვენი ხალხისთვის მთავარია არ დაიჭირონ“.

„გამარჯვება გავიფორმეთ“, – განაცხადა ჰომოფობიური აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ, მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“-ს დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button