ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად დაცვას ადასტურებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 25 ივნისს დაადასტურა, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.

შემოსავლების სამსახურის განცხადებას წინ უძღოდა  „TV პირველის“ გადაცემა, სადაც საუბარი იყო ევროპიდან ელექტროსაქონლის გატანაზე საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. შემოსავლების სამსახურის თქმით, ეს „დეზინფორმაციაა“. უწყების განცხადება იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები თბილისს სტუმრობენ.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საერთაშორისო სანქციებით დასაშვებია ელექტრონული საქონლის ექსპორტი იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საცალო ღირებულება არ აღემატება 750 ევროს, როგორც ეს ევროკავშირის 833/2014-ე დირექტივითაა განსაზღვრული. „ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ და საქონელი მიემართება რუსეთის რესპუბლიკის ან ბელარუსის დანიშნულებით, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, მოწმდება ყველა მსგავსი ოპერაცია და კომპანიის ან პროდუქციის სანქციების სიაში არსებობის შემთხვევაში არ ეძლევა ოპერაციის განხორციელების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური. 

უცხოური მედია იტყობინება 2022 წლიდან, რომ რუსეთი საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკიდან ამოღებულ მიკროჩიპებს იარაღის საწარმოებლად, კერძოდ კი რაკეტებისთვის იყენებს. უკანასკნელი ოფიციალური და ასევე მედია ინფორმაციით დასტურდება, რომ დასავლური წარმოების მიკროჩიპები აღმოაჩინეს ცოტა ხნის წინ უკრაინის თავზე ჩამოგდებულ რაკეტებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button