skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ სოხუმში „მთავრობის“ გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა

30 მაისს სოხუმში ორი პოლიტიკური აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად სოხუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბნენ და ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობის გარკვეული ქმედებები გააპროტესტეს. ოპოზიციის აქციის პარალელურად, „მთავრობის ადმინისტრაციის“ შენობასთან რეგიონის ლიდერის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერებიც შეგროვდნენ.

ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე გამოკრულ ბანერებზე, რომელშიც ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, იმ კანონების მიმართ წინააღმდეგობა იკითხებოდა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწის დასაკუთრების უფლება ექნებათ. შეკრებილები ენერგორესურსებზე ფასების ზრდასაც აპროტესტებდნენ.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა, ადგურ არძინბამ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციას არა ასლან ბჟანიას გადადგომა სურთ, ვისთანაც ისინი „დიალოგს“ ცდილობენ, არამედ მათი მოთხოვნა „მინისტრთა კაბინეტის“ გადაყენებაა.

„მთავრობის“ გადადგომასთან ერთად, დემონსტრაციის მონაწილეებმა საპრეზიდენტო რეფორმების საბჭოს შექმნაც მოითხოვეს, რომელიც ეროვნულ საკითხებზე ორწლიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. იყო საქართველოსთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ დადგენილების გაუქმებაზე მოწოდებაც. მოთხოვნებს შორის იყო ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე გადაწყვეტილების გაუქმება და რუსეთ-აფხაზეთს შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებაზე უარის თქმა.

აქციაზე ურბანული დაგეგმარების კოდექსის შესამუშავებლად საექსპერტო კომისიის შექმნა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გარკვეული ვადით გადაცემის შესახებ შეთანხმების გაუქმებაც მოითხოვეს. პროტესტანტებისვე მოთხოვნით, აფხაზეთში არც ბინებისა და აპარტამენტების შესახებ „კანონი“ უნდა მიიღონ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი ბჟანიას „აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესების მტრად“ მიიჩნევენ და „მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ“ ზომებს მიიღებენ.

ბჟანიას პასუხი

მოგვიანებით, ასლან ბჟანიამ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა ხალხის მსახურების მიმართ მისი ერთგულება. მანვე აღნიშნა, რომ პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუშაობა მიმდინარეობს. ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა განაცხადა, რომ პოლიტიკური საკითხები კაბინეტში უნდა წყდებოდეს და არ ქუჩაში. მანვე ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გულმოდგინე მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ოპოზიციის მიერ წამოჭრილ საკითხებს საფუძვლიანად შეისწავლიან და გაითვალისწინებენ.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button