ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 10.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ 5 მაისს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრებ ქრისტინე თაკალანძეს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს

ქრისტინე თაკალანძე ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს და მის წინაამღდეგ საქმე რეგიონის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 274-ე მუხლით აღძრეს, რაც 10-15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მაშინ ოკუპირებული რეგიონის ,„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ თაკალანძის დაკავებისა და მისი პირადი ნივთების ჩხრეკის ამსახველ ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანდა, რამდენიმე ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საბანკო და სააფთიაქო ბარათები, ასევე ქართული ქორწინების მოწმობა. კადრებში აგრეთვე ჩანდა ქართული ანბანით ნაწერი ორი წერილი. ერთში დაუზუსტებელი პირი გალიდან ან ზუგდიდიდან გარკვეული მედიკამენტის ჩამოტანას ითხოვდა. მეორე, ნაწილობრივ დამწვარ წერილში კი – ასევე დაუზუსტებელ პირთან ნდობაში შესვლასა და გარკვეული ინფორმაციის მიღებაზე იყო საუბარი.

საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მაშინ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადეს, რომ თაკალანძის „უკანონო დაკავების ფაქტთან“ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. ასევე, გააქტიურეს ევროკავშირის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი

„საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, – თქვეს მაშინ სუს-ში და დასძინეს, რომ „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“.

სუს-ის გამოხმაურება

„ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“, – აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საქართველოს მოქალაქისთვის პატიმრობის მისჯის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ „ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“.

უწყების განმარტებით, თაკალანძის მიმართ „საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

სუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 6 მაისს, სუს-ის განცხადებით განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button