skip to content
ახალი ამბები

ელჩი დეგნანი: ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს შევიწროებას საქართველოში

აშშ-ის, ელჩმა კელი დეგნანმა, 25 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ ვხედავთ საქართველოში მედია გარემოს შევიწროვებას“. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას, რაც თავად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ტელეკომპანია პირველთან“ გუშინდელ ინტერვიუში არ გამორიცხა, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. „…მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვნახეთ მედიაგარემოს შევიწროება, ეს [პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალების არგამორიცხვა] არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ დამოუკიდებელ მედიას მხარს უჭერენ“, – თქვა ელჩმა დეგნანმა და დასძინა: „რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ აქ გარემო ვიწროა, ვფიქრობ, რომ არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ადამიანები სრულად ვერ აფასებენ მოვლენებს, რაც ართულებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას“.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ, ცოცხალ და ძლიერ მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს სხვადასხვა შეხედულებები, რათა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთრებით კი – საქართველოში, რომელიც ცდილობს საკუთარი ინსტიტუტების აშენებას.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ ნათქვამზე, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ხდება ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღება და ასევე, კითხვაზე – მიიჩნევს თუ არა ელჩი, რომ საქართველოს აქვს შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში? – კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა ინტერვიუ, მაგრამ მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს. „ეს ვნახეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ, როდესაც 100 000-ზე მეტი ქართველი შეიკრიბა თბილისსა და სხვა ქალაქში და მშვიდობიანად გამოხატეს არჩევანი ევროპული მომავლისთვის“, განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე. მან პროცესბებში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, პარლამენტის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და დაამატა, რომ ეს არ არის ახალი რეფორმები და საქართველო მათზე უკვე წლებია მუშაობს.

ელჩის შეფასებით, ზოგიერთ სფეროში არის პროგრესი, „მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბერვია“ და საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა არჩეულმა ლიდერმა „უნდა გააკეთოს ეს ინკლუზიურად და შეწყვიტოს დროის ხარჯვა ერთმანეთთან ბრძოლაში და მეტი დრო დაუთმეთ რეკომენდაციების აზრობრივად შესრულებას და არა ზედაპირულად“. „ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს ხალხი ერთგული და მტკიცეა პროევროპულ არჩევანში. ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მოუსმენს საქართველოს ხალხს და გადადგამს საჭირო ნაბიჯებს“, – ხაზი გაუსვა მან.

ელჩმა დეგნანმა მედიასთან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოგზაურობისას ისაუბრა, სადაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button