ახალი ამბები

ხელისუფლების „თავდასხმის“ ფონზე არასამთავრობოები „პალიტრა მედიას“ სოლიდარობას უცხადებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“, მისი „სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების“ მიერ დაწყებულ „დისკრედიტაციის კამპანიას“ ეხმიანებიან და სოლიდარობას უცხადებენ, ჰოლდინგს და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს „ღია და დაუფარავი თავდასხმა“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა, რომ თითქოს „პალიტრა მედიას“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს. გუშინ, 28 მარტს კი – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „პალიტრა მედია“ თავისი სარედაქციო პოლიტიკით „გახდა „ფორმულა 2“, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია“. გავრცელებულ „ცრუ“ და „ცილისმწამებლურ“ ინფორმაციას, გუშინ „პალიტრა მედიაც“ გამოეხმაურა და მოუწოდა ყველას „თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან“.

29 მარტს გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ „პალიტრას“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, „კიდევ ერთხელ ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ან ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება“.

მათივე თქმით, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ „რუსული“ კანონპროექტის იძულებით გაწვევის შემდეგ, ხელისუფლების ზოგადად დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც, იმ მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის „დისკრედიტაციაა“, რომლებიც პირდაპირ არ არიან დამოკიდებულნი „ქართულ ოცნებაზე“.

უფლებადამცველების შეფასებით, მსგავსი ქმედებებით, „დეპოლარიზაციის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს გააღრმავოს პოლარიზაცია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს“, რასაც „ეწირება საქართველოს გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური ეროვნული ინტერესები“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, „გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებისა და მომავლის წინაშე და უარი თქვას დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ მიზანმიმართული და კოორდინირებული თავდასხმის განხორციელებაზე, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზაციისთვის, შეასრულოს ევროკავშირის 12 პრიორიტეტი და უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავლის მიღწევა“.

სხვებთან ერთად ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის ასევე არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადება

„პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ „ხელისუფლების მადისკრედიტირებელი კამპანია“ ცალკე განცხადებით დაგმო „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“ და მოუწოდა მმართველ გუნდს „შეწყვიტოს „პალიტრა მედიისა“ თუ ნებისმიერი სხვა მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრეტირებელი კამპანია, შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს მედიის უფლებების დაცვა და ჟურნალისტებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა“.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 29 მარტს, 18:30 სთ-ზე „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button