ახალი ამბები

ლექსო ლაშქარავა იუნესკომ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა, ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს დაღუპული ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.

თავდაპირველად იუნესკომ ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 5 ივლისი მიუთითა, დღე, როდესაც ოპერატორს ლგბტ მარშის გამართვის მოწინააღმდეგეებმა უმოწყალოდ სცემეს. მოგვიანებით, იუნესკომ თარიღი შეასწორა და 11 ივლისი მიუთითა.

ამ სიაში ლაშქარავა მეორე ჟურნალისტია, ვინც იუნესკომ საქართველოში მშვიდობიან ხანაში მოკლულად მიიჩნია. საქართველოდან იუნესკოს სიაში პირველი ჟურნალისტი გიორგი სანაია იყო, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს.

სიაში საქართველოში დაღუპული კიდევ სამი ჟურნალისტი — გიგა ჩიხლაძე, ალექსანდრე კლიმჩუკი და სტანს ტორიმანსი — არის შეყვანილი. ისინი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპნენ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოხმაურებები

პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 7 იანვარს განაცხადა, რომ იუნესკო საგამოძიებო ორგანო არ არის, რომელიც დასკვნებს აკეთებს. მისი თქმით, იუნესკოს ლაშქარავას საკითხი „ღიად აქვს დატოვებული“ და მომხდარზე მთავრობის პასუხს ელოდება.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადოებამ იცის წინასწარი მონაცემები“. პარლამენტის თავმჯდომარემ ამით ლაშქარავას ნარკოტიკებით ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიაზე მიანიშნა, რომელიც შსს-მ შუალედურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით 12 ივლისს, ოპერატორის გარდაცვალების მეორე დღესვე გაახმაურა.

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის თავმჯდომარეს გუშინვე უპასუხა, რომ მართლაც, გამოძიებას არა იუნესკო, არამედ ქართული საგამოძიებო უწყება უნდა აწარმოებდეს, „მაგრამ ფაქტია, საგამოძიებო ორგანო თავის ფუნქციას ისე ვერ ასრულებს, როგორც უნდა ასრულებდეს“.

ამასთან, ბუჩუკურის თქმით, „ერთია, რომ სახელმწიფომ პრევენციულად ვერ დაიცვა ადამიანები სისტემური ძალადობისაგან, მაგრამ მეორეა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მოეხდინა სათანადო რეაგირება“ 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს. მისი თქმით, „როცა სახელმწიფო სათანადო რეაგირებას ვერ ან არ ახდენს… აქ დამატებითი კითხვის ნიშნები ჩნდება“.

,,ლექსო ლაშქარავა მოკლულია იმ ძალადობის მიერ, რომელიც ხელისუფლებისგან იყო წახალისებული“, — თქვა საბა ბუაძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ 7 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ბუაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „მზად არის, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისათვის  ადამიანის სიცოცხლით იქნას ფასი გადახდილი“.

„მთელი ეს კამპანია რატომ მოხდა: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ტრადიციულ ღირებულებებს ამოეფაროს, როცა სინამდვილეში აბსოლუტურად საერთო არაფერი აქვს არც ტრადიციულ ღირებულებებთან, არც ჰუმანურობასთან მათ ამ საქციელს… ამ კამპანიით ისინი ცდილობდნენ ხელისუფლება შეენარჩუნებინათ“, — თქვა ბუაძემ.


5 ივლისს, თბილისში ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჰომოფობიურ ნიადაგზე ჟურნალისტებზე იძალადეს. დაშავდა სულ მცირე 53 ჟურნალისტი/მედიამუშაკი.

ლაშქარავას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მარშის თანაორგანიზატორის, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან, პარლამენტის უკან მდებარე შენობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს.

ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით სულ ექვსი პირია დაკავებული. „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ, რომელიც 5 ივლისს ლაშქარავასთან ერთად მუშაობდა, განაცხადა, რომ გარდაცვლილი ოპერატორის ცემაში სულ ცოტა 20 ადამიანი მონაწილეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button