ახალი ამბები

„აგენტებზე“ კანონპროექტის უარმყოფელი დეპუტატები პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები გახდნენ

„ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი – ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და გიორგი ხელაშვილი, რომელთაც „უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობიერ მიერ ინიციირებულ რუსული ტიპის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები გახდნენ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი უკვე დაუჭირა.

საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში იქნება, ნინო იობაშვილი კი – საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით. რაც შეეხება გიორგი ხელაშვილს, მან პარლამენტის სპიკერის მრჩევლის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

პრემიერის მრჩევლის პოსტის დაკავებამდე, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განმარტა, რომ პარლამენტის დატოვება მისი „პირადი სურვილი“ და „დაჟინებული მოთხოვნა“ იყო, რადგანაც ფიქრობს, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოჩნდა. იობაშვილს და ხელაშვილს დეტალებზე არ უსაუბრიათ.

მანამდე, პარლამენტი დატოვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც ასევე მხარი არ დაუჭირა „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტს. 20 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კოვზანაძის გადაწყვეტილება „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტებს არ უკავშირდება. „მას ჰქონდა უკვე დიდი ხანი სურვილი, რომ თავის პროფესიას დაბრუნებოდა“, – ხაზი გასვა პაპუაშვილმა.

მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ პარლამენტის დატოვება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, დავით სერგეენკოს სურდა, რომელიც ასევე იმ დეპუტატებს შორისაა, რომელიც „აგენტებზე“ კანონპროექტს არ მიემხრო. თავად დავით სერგეენკომ განმარტა, რომ მის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. „არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ“, – განაცხადა მან.

საკანონმდებლო ორგანოდან ამ მომენტისთვის წასული ყველა დეპუტატი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად მათ სიის მომდევნო ნომრები ჩაანაცვლებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button