Placeholder canvas
ახალი ამბები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს. მედიის ცნობით, კოვზანაძემ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე მიმართა.

20 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კოვზანაძის გადაწყვეტილება „უცხოეთის აგენტებზე“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რუსული ტიპის კანონპროექტებს არ უკავშირდება. „მას ჰქონდა უკვე დიდი ხანი სურვილი, რომ თავის პროფესიას დაბრუნებოდა…, ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი“, – ხაზი გასვა მან.

მედიის ინფორმაციით, დეპუტატის მანდატის დატოვება „ქართული ოცნების“ კიდევ ორ დეპუტატს – საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურს, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და დავით სერგეენკოსაც სურთ.

თავად ჩაჩიბაიამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებას“ უთხრა, რომ მისი „პირადი სურვილი“ და „დაჟინებული თხოვნაა“, რომ პარლამენტი დატოვოს, რადგანაც ფიქრობს, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოჩნდა. „30 წელი ჯარში ვიყავი, ჩემი პირადი სურვილია, რომ გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ პარტიის „ერთგულ“ წევრად რჩება.

თავის მხრივ, დავით სერგეენკომ განმარტა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა. „არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ“, – განაცხადა მან.

ირაკლი კოვზანაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და დავით სერგეენკო ის დეპუტატები არიან, რომელთაც პირველი მოსმენისას მხარი არ დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე უკანვე გაიწვია.

ირაკლი კოვზანაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდნენ და პარლამენტის დატოვების შემდეგ, მათ პარტიული სიის მომდევნო ნომრები ჩაანაცვლებენ. დავით სერგეენკო საბურთალოს ერთმანდატიანი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია, შესაბამისად მანდატის დატოვების შემთხვევაში აქ შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 198 -ე მუხლის მიხედვით, თუკი პარლამენტს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრი 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში გამოაკლდება, შუალედური არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ხოლო თუ 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მაშინ არჩევნები უახლოეს აპრილის თვეში გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს პარლამენტის შუალედური არჩევნები არ იმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button