ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ბოლო, დასკვნით, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა, სააკაშვილის მდგომარეობა წინა, დეკემბრის ვიზიტის შემდეგ, „საგრძნობლად დამძიმდა“.
ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, სადაც იგი გასული წლის მაისიდან მკურნალობს, 19 თებერვალს მოინახულეს. მათი თქმით, პაციენტმა კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე კიდევ 5.7 კგ დაიკლო და „გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო“.
„წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება“, – აცხადებენ ექიმები და დასძენენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოხატული აქვს მძიმე სარკოპენია, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით. ამასთან, „გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას“.
ექიმების განცხადებით, „პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას“.
მათივე შეფასებით, „ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“.
გარდა ამისა, „ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები“.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დღეს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი შვედეთის ელჩთან, ულრიკ ტიდესტრომთან ერთად, იუსტიციის სამინისტროში მივიდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია უნდა წარადგინონ.
ასევე ცნობილია, რომ სააკაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სააკაშვილი არც გაათავისუფლეს და არც სასჯელი გადაუვადეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)