„ვივამედის“ ექიმები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის „დამძიმების ტენდენციაზე“ საუბრობენ
კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, 22 თებერვალს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ „ტენდენცია არის დამძიმებისკენ“.
მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განმარტა, რომ პაციენტს წონისა და მასის მკვეთრი დაქვეითება აღენიშნება და ის 20 თებერვლის მდგომარეობით დაახლოებით 67 კგ-ს იწონიდა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „ძალიან დასუსტებული“ და „მეწილად მწოლიარე მდგომარეობაში“ იმყოფება.
ექიმის განცხადებით, „ყველაზე სავალალო“ ის არის, რომ სააკაშვილი „არაბალანსირებულად“ იკვებება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ორგანიზმი საკვებს „იღებს და ითვისებს“ და „ღებინება იშვიათად დაფიქსირებულა“. მანვე განმარტა, რომ კლინიკაში შესვლის დღიდან მიხეილ სააკაშვილის რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და ამიტომაც არის იგი თერაპიულ განყოფილებაში მოთავსებული.
თავის მხრივ, ექიმმა ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს იმაზე სამჯერ ნაკლებ კალორაჟს, რაც მის ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება და „კიდევ უფრო ნაკლებს ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის“.
„შესაბამისად, ლოგიკურია გვაქვს წონის კლების დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. ის დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას“, – თქვა ექიმმა და დასძინა, რომ სააკაშვილს არ აქვს რაიმე ისეთი სახის ენდოკრინოლოგიური პათოლოგია, შესაბამისად „ორგანული გენეზის მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა“.
„[აღნიშნული] იმას ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქო-ემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, რასაც თავადვე აღნიშნავს, თავისუფლების იძულებით აღკვეთის მომენტით“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ „ექიმები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და [მიხეილ სააკაშვილს] შეთავაზებული აქვს თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი და საშუალება“. თუმცა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მხარისა და პაციენტის მიზნები თანხვედრაში მოდიოდეს.
მანვე აღნიშნა, რომ ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი დანამატების მიღება შესთავაზეს, თუმცა მან ისინი მხოლოდ ორი დღის განმავლობაში მიიღო და შემდეგ კვლავ უარი განაცხადა. ჩხაიძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ კუჭ-ნაწლავი საკვების მიღებასა და გადამუშავებაში მონაწილეობს და „მექანიკური რაიმე წინააღმდეგობა არ არის“.
„ეს ყველაფერი განპირობებულია მისი ფსიქო-ემოციური ფონიდან გამომდინარე. პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რომელშიც ის იმყოფება და ამას თვითონაც ამბობს“, – განაცხადა მან. რაც შეეხება ზონდით კვებას, ჩხაიძემ განმარტა, რომ ამას პაციენტის თანხმობა სჭირდება.
მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება
„ვივამედის“ ექიმების პრესკონფერენციას დღესვე Facebook-ით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ მათ ნათქვამში „სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი“.
„ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა მისი „მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე“ ვიმყოფებით და „ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“ ახლა უკვე კლინიკა“. „მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, – ხაზი გაუსვა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/02/2023 – ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო
- 11/02/2023 – ლობისტური კონტრაქტის გამოვლენის ფონზე, მედიის ბრძოლა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის გრძელდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)