Placeholder canvas
ახალი ამბები

კონსილიუმი: სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის 6 დეკემბრის დასკვნით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე“ და „მოსალოდნელი შეუქცევადი გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება“.

ექიმებმა სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 4-5 დეკემბერს მოინახულეს. მათი დასკვნით, ბოლო, აპრილის შეფასების შემდეგ, სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები. წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება, ასევე კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა.

ამასთან, კონსილიუმის განცხადებით, 2021 წლის ოქტომბერში დაპატიმრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს 42 კგ (36%) აქვს დაკლებული და ამჟამად 73.6 კგ-ს იწონის. დაპატიმრებამდე იგი 115 კგ იყო.

„პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. წონის კლების სიჩქარე ბოლო თვეებში გასამმაგდა. ასეთი სისწრაფით კლებისას კი – კრიტიკული BMI (სხეულის მასის ინდექსი) <14 ( რაც < 52 კგ-ს შეესაბამება) მიღწეულ იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“, – აცხადებენ ისინი.

ექიმების თქმით, პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა, რამდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში, მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.

„ამჟამინდელი მკურნალობა შედეგს არ იძლევა. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით“, – აცხადებენ ექიმები.

კონსილიუმის ექიმების განცხადებები

დასკვნის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ თქვა, რომ როდესაც პაციენტის მდგომარეობა სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობის შედეგად არ უმჯობესდება, მაშინ უნდა გამოიცვალოს გარემო და ის უცხოეთში სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, სადაც არის შესაბამისი მკურნალობისა და დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა.

„ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, არ იფიქროთ, რომ ისინი აკლებენ რამეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება დიდი არ აქვს. არ არის ხშირი ასეთი პაციენტები ჩვენთან“, – ხაზი გაუსვა მან.

რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ნათქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი „არ ჭამს“, წულაძემ აღნიშნა, რომ პაციენტი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „ის შიმშილობს ან სუიციდალური ქცევა აქვს… მე ვფიქრობ, ვერ იღებს საჭმელს“. „კლინიკაში კოლეგებისგან არ მოგვისმენია, რომ იგი განზრახ არ იკვებება, ასეთი ჩანაწერი პაციენტის ისტორიაში ვერ ვნახეთ“, – დასძინა მან.

ექიმმა თერაპევტმა და შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტმა, გრიგოლ ხურციძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის შემთხვევაში „თუ რამე ხელმისაწვდომია საქართველოში, ყველაფერია გაკეთებული“, მაგრამ რაღაც „ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომელიც აქ ვერ დავსვით დიაგნოზი, არ გამოგვდის“.

მისივე თქმით, თუკი სააკაშვილი წონაში კლებას ამ დინამიკით განაგრძობს, მისი BMI კრიტიკულ ზღვარს დაახლოებით 2-3 თვეში მიაღწევს, როდესაც ორგანიზმი „დაიწყებს საკუთარი ორგანოების მონელებას და მერე უკვე არაფერი აღარ მოატრიალებს მას“.

„6 თვის განმავლობაში, პაციენტი როცა მკურნალობს და შედეგი არის ცუდი, ანუ იგივეც არ არის, რაც იყო კლინიკაში შესვლის დროს, ალბათ, კლინიკამ რაღაც ხმამაღალი განცხადება უნდა გააკეთოს და რაღაც გადაწყვეტილება თავისთვის მაინც უნდა მიიღონ. მე მგონია, რომ ყველა იქ ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, მაგრამ ვერ გეტყვით, შემდგომში რას აპირებენ“, – განაცხადა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ზონდით კვებაზე, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებას, გრიგოლიამ თქვა, რომ „არ შეიძლება ამის გაკეთება“. „როცა ადამიანი გონზე არის და განზრახ არ უნდა საკვების მიღება, [ზონდით კვება] აკრძალული არის საერთაშორისო დადგენილებით“, – ხაზი გაუსვა მან.

„ფაქტია, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა უარესდება და ფაქტია, რომ არ ჩანს რაიმე სტრატეგია, გეგმა, რომლითაც შესაძლებელია მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. დასკვნა არის, რომ გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი“, – თქვა ექიმმა-კარდიოლოგმა, გიორგი კაჭარავამ და დასძინა, რომ „დიაგნოზი არ არსებობს და პრობლემაც ამაშია“.

ომბუდსმენის განცხადება

თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ექიმთა კონსილიუმის დასკვნა აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და აკმაყოფილებს მინიმუმ განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

მისივე თქმით, შესაძლებელია არსებობდეს სხვა გარემოებებიც, რომლებსაც სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოზე წარმოადგენენ, რაც თავის მხრივ, „შესაძლოა, [მსჯავრდებულის] გათავისუფლების საფუძველსაც აკმაყოფილებდეს“.

ლომჯარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომბუდსმენის ოფისის „რეკომენდაცია სასამართლოსთვის იქნება ისიც, რომ გაითვალისწინოს მსჯავრდებულის ჯანრთელობის მდგომარეობა და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება“.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადება

მანამდე, დღის პირველ ნახევარში, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილს სააკაშვილის ჯანრმთეობის მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ მკურნალობა გრძელდება და „პაციენტს უკეთდება ყველაფერი, ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება“.

„მაგრამ მკურნალობა არის რთული პროცესი, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. ამიტომ, კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ სააკაშვილი „იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, სასურველ დროს, სასურველ დღეებში“. „ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ“.

ზურაბ ჩხაიძემ ასევე განმარტა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილმა კვება კვლავ შერჩევითად განაგრძო, შერჩევით დღეებსა და პერიოდში, „მაშინ იძულებულნი ვიქნებით, გამოვიყენოთ ზონდით კვება“. „თუ კვების მიღებას არ გააგრძელებს, მაშინ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი“, – დასძინა მან.

იუსტიციის მინისტრის განცხადება

6 დეკემბერსვე, მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემაც ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით „მანიპულირებასა“ და საკითხის „პოლიტიზებას“ ცდილობენ.

მანვე „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ნათქვამზე დაყრდნობით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი „მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში“ და „არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ“. „ბუნებრივია აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის, სხვაგვარად რა განკურნებაზეა საუბარი?“, – განცხადა მან.

სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამისთვის „საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები“ არსებობს და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს.

მანვე ოპოზიცია სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენებით, სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას წინასწარვე ეუბნებიან, რომ სააკაშვილის „მდგომარეობა არის ძალიან მძიმე“ და მას „ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობას“ არ აძლევენ.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ – მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლოს პირველი სხდომა 9 დეკემბერს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button