დეგნანი და ჰერჩინსკი: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია როგორი მომავალი სურთ
24 თებერვალს „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (GFSIS) ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე, უკრაინა რჩება ამაყი და დამოუკიდებელი, და „ეს გვახსენებს, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშაოთ, როგორც ამას აშშ აკეთებდა ბოლო წლის განმავლობაში, რათა რეგიონში აღდგეს მშვიდობა, აღდგეს პატივისცემა სუვერენიტეტის მიმართ, რათა სუვერენულმა ერებმა შეძლონ და შეინარჩუნონ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება“.
ელჩის თქმით, აშშ ძალიან აფასებს იმას, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა, რათა მხარი დაეჭირა უკრაინისთვის მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის საქმეში. ამ კონტექსტში, მან უკრაინისთვის საქართველოს მხრიდან გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე და გენერატორების მიწოდებაზეც გაამახვილა ყურადღება. ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დასავლეთთან ერთად იდგა საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის გუშინდელ რეზოლუციას უკრაინაზე.
საქართველოსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის ძირგამომთხრელი კამპანია მიმდინარეობს
ელჩის თქმით, „ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვეა, საქართველოში კამპანია ხორციელდება, რომლის მიზანიც საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრაა“. ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს, რომელმაც ევროპა და ევროპული მომავალი აირჩია. მან ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ საქართველო რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობის, უსაფრთხოების და ან სხვა საკითხებში.
ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მათ, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას, უნდა მოუსმინონ ქართველ ხალხს, რომ ეს მიუღებელია. „მათ უნდა გაიგონ, რომ თქვენი არჩევანი, თქვენი მომავალი ევროპაა“.
ელჩი დეგნანი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტსაც შეეხო და გაიმეორა, რომ „ეს კანონი არ ეხება გამჭვირვალობას“, რადგან „საკმარისად გამჭირვალეა, თუ როგორ გამოიყენება დახმარება საქართველოში“. მისივე თქმით, ეს კანონი არ არის აშშ-ის კანონის მსგავსი. „ეს კანონპროექტი არის რუსული კანონი“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება და განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებების ჩახშობა“. ელჩის თქმით, კანონი შეზღუდვებს შექმნის უამრავ სფეროში, დაწყებული ტურიზმიდან და ფერმერთა ასოციაციებიდან და დამთავრებული სამედიცინო კვლევითა და არასამთავრობოების მიერ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენით.
ევროკავშირის ელჩი: ველით საქართველოს
ამერიკელი კოლეგის მსგავსად, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც იმავე ღონისძიებას ესწრებოდა, განაცხადა: „საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით, დასრულებულია და ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას და საქართველო გზაჯვარედინზეა – ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის“.
ელჩმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწვეტილება ქართველებზეა, სურთ წინსვლა, თუ სურთ იქ გაჩერება, სადაც არიან, თუ უკანსვლა სურთ. ჩვენ ღია ვართ, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო არის მზად გახდეს ევროკავშირის წევრი“.
უკრაინის ომზე საუბრისას, ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ომის პირველივე დღიდან სწორ მხარეს დგას და მხარს უჭერს ქვეყანას არა მხოლოდ დიპლომატიური, პოლიტიკური ან ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს არ არის უკრაინის ომი, ეს ყველას ომია, აღნიშნა მან. „უკრაინა ყველასთვის იბრძვის და მის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ყველას ინტერესშია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა: „ვიმედოვნებ, რომ ამ წლის დეკემბერში გაწევრიანების მოლაპარაკებებს დავიწყებთ უკრაინასთან და ევროკავშირს 27-ვე წევრი სახელმწიფო მტკიცედ დგას ამის უკან“.
ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან პაველ ჰერჩინკიმ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და თქვა: „ე.წ. უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებით, ჩემმა ხელმძღვანელებმა ბრიუსელიდან უკვე გამოთქვეს თავიანთი პოზიცია. [ისინი] იყენებდნენ სიტყვებს როგორებიცაა – „შემაშფოთებელი“ ან „აღმაშფოთებელი“. ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან მინიმუმ ორთან, [მათგან] ერთი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებას, მეორე პრიორიტეტი კი სამოქალაქო საზოგადოებას ეხება…“.
„ამრიგად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი და ცუდი დრო. მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივას გადახედავენ და უბრალოდ ამოიღებენ შემდგომი სამუშაოებიდან, რადგან ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა არ გარდაიქმნება კანონად“, – განაცხადა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/02/2023 – ევროკომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობის შესახებ ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა
- 14/07/2022 – ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს 2023 წლის შემოდგომისთვის წარადგენს
- 17/06/2022 – ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)