Placeholder canvas
მოსაზრებაწერილები

FARA დამდეგი ავტორიტარიზმის ფარად

საბა ბრაჭველი, იურისტი


„ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს დანაპირები და დაიქადნეს, ახალი წლის პურმარილობის ჩავლისთანავე პარლამენტს მივმართავთ, არასამთავრობო ორგანიზაციების თავგასულობა რომ ავლაგმოთ, მათი ფინანსები გამჭვირვალედ ვაქციოთ და უცხოელთა გავლენის აგენტები გამოვავლინოთო. სავარაუდოა, რომ ხელისუფლება 2023 წელსაც ბევრჯერ დაუქნევს თითს სამოქალაქო საზოგადოებას ფსევდო-განდეგილთა პირით, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილოთ, რას ნიშნავს და რას აზიანებს რადიკალური პოპულისტების საყვარელი თავშესაქცევი – “ენჯეოებზე” ნადირობა.

FARA-ს დაბადება

როცა ‘განდგომილთა’ ოთხეულმა ამ შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივაზე პირველად დაასველეს ენა, ხელი მყის ამერიკისკენ გაიშვირეს – დემოკრატიის შუქურას ხომ აქვს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი (Foreign Agents Registration Act – FARA) და ჩვენც მხოლოდ მათი საუკეთესო გამოცდილების გადმოტანა გვწადიაო. ერთი შეხედვითაც, განა რა უნდა იყოს ურიგო იმაში, რომ საკუთარ ქვეყანაში ის ხალხი აკონტროლო, ვისაც უცხო ქვეყნის მთავრობები, პარლამენტები, ანდა საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ?

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერს კონტექსტი სჭირდება. საქმე ისაა, რომ FARA 1930-იანებში დაიწერა, როცა ნაცისტები დიდძალ ფულს ხარჯავდნენ ევროპასა და ამერიკაში საკუთარი იდეოლოგიისთვის ნიადაგის გასანოყიერებლად. მას მერე, მეორე მსოფლიო ომმაც ჩაიარა და აშშ-მ მაკარტიზმის მწარე გაკვეთილებიც ისწავლა. საკანონმდებლო რეფორმებისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, FARA შეიკვეცა და მგლის ტყავში გახვეულ ცხვარს დაემსგა. დღეს საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, იმ ქაღალდის ფასიც აღარ ღირს, რაზეც დაიბეჭდაო.

დღეს, FARA უცხო სახელმწიფოს მედია-საშუალებებსა და ლობისტებს ეხება და არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკისა და მსოფლიოს უკეთეს სამყაროდ ქცევისთვის შრომობენ. მეტიც, კანონი სულ თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში თუ გამოიყენეს და ისიც, ძირითადად, ვიეტნამის ომის დროს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა რუსეთისა და ჩინეთის გავლენის სატელევიზიო აგენტებმა (რაშა თუდეიმ, სპუტნიკმა და მათმა ჩინურმა ანალოგებმა) წითელი ხაზები გვარიანად გადაკვეთეს.

ნახევრად ხუმრობით და “განდეგილებისავე” კონსპიროლოგიური განწყობით თუ შევათვალიერებთ ამ ამბავს და გავიხსენებთ, რომ 1930-იანებში ამ კანონის ამოქმედებას მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა, 1970-იანებში – ვიეტნამის ომი ახლდა თან, ხოლო 2017-2020 წლებში უკრაინა-რუსეთის ომის პრელუდიად იქცა, შეუძლებელია, FARA-ს ჩვენში გადმონერგვის მოწადინებულ დეპუტატებს არ ჰკითხო – ომი გინდათ?!

ხოლო თუ იმასაც დავუფიქრდებით, რომ ამ კანონს ქვეყნის სტრატეგიული მეტოქეებისა და მტრების წინააღმდეგ იყენებდნენ, ჩვენს პარლამენტარებს კი აქაური FARA-ს მთავარ სამიზნედ ამერიკისა და ევროკავშირისგან დაფინანსებული არასამთავრობოები დაუსახავთ, ძალაუნებურად ჩნდება მეორე კითხვაც – ვისთან გნებავთ, ომი, ბატონებო?!

FARA-ს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

მოგეხსენებათ, მაგალითი გადამდებია და ცუდი მაგალითი – მით უფრო. ქვეყნები, სადაც ამერიკული კანონის იმპორტირებული ანალოგი მოქმედებს, ამ ომის თუ კონფლიქტის პირობებში არიან, ანდა ავტორიტარიზმში არიან ჩაფლულნი: ზოგი მუხლამდე (უნგრეთი), ზოგი წელამდე (თურქეთი) და ზოგიც – ყელამდე (რუსეთი).

მაგალითისთვის, 2012 წლის რუსული კანონით, რომელიც თანდათან გაფართოვდა, უცხოეთის აგენტად ითვლება ყველა – იურიდიული თუ ფიზიკური პირი – ვინც უცხოეთიდან ნებისმიერი სახის მხარდაჭერას იღებს. მათ ეკრძალებათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ბავშვებისთვის ან სტუდენტებისთვის სწავლება. ნებისმიერი მედია, რომელიც დაფინანსებას რუსეთის გარედან იღებს, შესაძლოა გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად და ვალდებულია ეს საკუთარ გამოცემაშიც მიუთითოს, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე თითოეულ ვიდეო-აუდიო მასალასა და პოსტში.

რუსულის მიმსგავსებული კანონი მიიღო უნგრეთმა 2017 წელს – ოღონდაც უდიდესი განსხვავებებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას მოქმედების სივრცე ბოლომდე არ და ვერ ჩაახშო. ევროკავშირის სასამართლომ ეს შერბილებული კანონიც უკანონოდ ცნო და ბუდაპეშტის მთავრობას მისი გაუქმება მოუწია.

ისიც ვახსენოთ, რომ “ფიდესის” მიმდევრებმა ჯორჯ სოროსის დაფინანსებულ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს რომ აიძულეს ვენაში გადაბარგება, ამერიკელი ელჩი კარგა ხანს არწმუნეს – ეს მხოლოდ სოროსთან პირადი დაპირისპირების ამბავია, თორემ ამერიკულ ინსტიტუციებს არაფერს ვერჩითო. ამ კუთხით, ჩვენი შინნახადი შემოქმედებითი კოლექტივი ფრიად დასაფასებელია – სულაც არ ეთაკილებათ ყოველკვირეულ პამფლეტებში ვაშინგტონისა და სამყაროსათვის იმის ღიად თქმა, სწორედაც რომ ამერიკაა შესაზღუდი და მოსათოკიო.

ავტორიტარულ ქვეყნებში შეზღუდვების მთავარი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოებები ხდებიან, ხოლო იქ მიღებულ კანონებს ამერიკულ FARA-სთან სახელის გარდა, საერთო არაფერი აქვს.

კანონის ამერიკული ან თუნდაც ბრიტანული ვერსიები ითვალისწინებს მხოლოდ რეგისტრაციის ვალდებულებას და მიმართულია ძირითადად უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული პირებისა და შესაძლო კორუფციული ფინანსური ტრანზაქციების გამოვლენასთან. მათი ძირითადი სამიზნე ლობისტები – ანუ საკანონმდებლო ორგანოსთან და დეპუტატებთან კანონებისა და რეგულაციების შეცვლის მიზნით მომუშავე პირები და ორგანიზაციები – არიან.

ამისგან განსხვავებით, რუსული ვერსია განზრახადაა ბუნდოვანი, რითიც კანონიერების პრინციპის პირველ და უმთავრეს ელემენტს – კანონის განჭვრეტადობას არღვევს. პუტინის კანონის თანახმად, უცხოეთიდან მიღებული დახმარება შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, არაფულადი სახის. შესაბამისად, პასუხისმგებლობას შეიძლება ნებისმიერი პირი დაექვემდებაროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსული ვერსია მთელ ძალაუფლებას აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს და ეს საქმე სასამართლო კონტროლის მიღმა გაყავს – იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს ორდერის გარეშე შეუძლია ორგანიზაციებისა და მედიების ანგარიშების დახურვა, სპეციალური აუდიტების ჩატარება და დამატებითი ვალდებულებების დაკისრება.

ბოლო ხუთ წელში მსგავსი კანონი მიიღეს ჩინეთში, თურქეთში, ვენესუელაში, ეგვიპტესა და ბელარუსში – ყველგან სადაც თავისუფლებას მარყუჟი მოსდეს. ისიც ვთქვათ, რომ აქტიური განხილვის და რუსულ საკანონმდებლო სივრცესთან შეხამების მიუხედავად ეს კანონი ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთშიც კი არ მიუღიათ.

FARA და დარაჯი ნაგაზები

ქართულ არასამთავრობოებს არათუ არ ეთაკილებათ, ეამაყებათ კიდეც ევროკავშირთან, ამერიკასთან, ნორვეგიის, დანიის, ჰოლანდიის, გერმანიის, პოლონეთის საელჩოებთან თანამშრომლობა. მათ საიტებზე ადვილად იპოვით დონორთა ნუსხას, ხშირად – კონკრეტული პროექტების მითითებით. ყველა კვლევასა და პუბლიკაციას პირველივე გვერდზე აწერია, ამერიკელი გადამხდელის ფულით არის დაფინანსებული, ბრიტანელის, თუ – შვედის.

წესით და მეტიც – კონსტიტუციით, ამ ქვეყნებთან მეგობრობას საქართველოს მთავრობაც ესწრაფვის და მათთან ღირებულებათა თანხვედრაზე ბევრი ხელშეკრულება საუბრობს. ამ სახელმწიფოების თუ იქაური ორგანიზაციების მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება სახელმწიფოთაშორისი, ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების ნაწილია, რაზეც საქართველოს მთავრობას ხელი აქვს მოწერილი. ცრუ-განდეგილთა ჯგუფს კი სურს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს პლაშმოხურული, წვერებცანცარა ძია სემი ბნელ განჯინაში სულაკაწკაწებულ გრანტიჭამიებს დოლარების დასტებს ურიგებდეს, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს მთავრობისათვის ამ თანხების რაოდენობაც, მიზნობრიობაც და დანიშნულებაც სრულიად გამჭვირვალეა.

მეტიც, ქართული არასამთავრობოები საგადასახადო და შემოსავლების კუთხითაც ჩვეულებრივ რეგულაციებს ექვემდებარებიან. გრანტი გარკვეული გადასახადებისაგან კია თავისუფალი – ესეც ორმხრივი შეთანხმებით – მაგრამ მისი მიმღები ორგანიზაცია ჩვეულებრივად წარადგენს ფინანსურ ანგარიშებს. პარტნიორების გრანტებს მათდამი ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებები და დიდი ბიუროკრატიაც მოყვება – ამ ფულის ხარჯვის მიზნობრიობით ხომ არა მხოლოდ საქართველოს საგადასახადო სისტემაა დაინტერესებული, არამედ იქაური გადასახადების გადამხდელიც. ჰოდა, ხშირად, არასამთავრობო ორგანიზაციების საბუთები ქვეყანაში ყველაზე გამჭვირვალე და მოწესრიგებულია ხოლმე. 

ლამის ლეგენდად დადის ამბავი (თუმცა მისი სინამდვილე ადვილად გადამოწმებადია), რომ როცა ხაზინადარებმა “ღია საზოგადოება – საქართველოს” (ე.წ. სოროსის ფონდის) დავთრების შემოწმება გადაწყვიტეს, ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ სახელმწიფოს აქეთ აღმოაჩნდა ვალი და მოუწია ფონდისთვის ფულის დაბრუნება.

ცხადია, თვითმარქვია ხალხოსნების მოულოდნელი დაჟინება, საგადასახადო გამჭვირვალობისადმი სწრაფვით აიხსნებოდეს. ოფიციალურად თუ ნახევრად-ოფიციალურად რუსული ფულით ნასაზრდოებ და დღემდე მოქმედ საქინფორმებსა და პრიმაკოვის ფონდებს არ იმჩნევდე და ევროკავშირის გრანტი გეჩოთირებოდეს, ისეთი ამბავია, მხოლოდ იან ჰუსისეული ‘წმინდა გულუბრყვილობით რომ ვერ აიხსნება.

აქ მივადექით მთავარ საკითხსა და ძაღლის დამარხულ თავს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირი და სხვა დასავლური პარტნიორები არასამთავრობოებს ფულს ზუსტად იმისთვის აძლევენ, რომ მათ რომ მთავრობის მაკვარანცხობაზე დადარაჯებული ნაგაზის ფუნქცია შეასრულონ.

არასამთავრობოები სწავლობენ და ავლენენ საახლობლო ტენდერებს, ‘ატკატებს’ და სხვა კორუფციულ სქემებს, რეფორმების ვარგისიანობასა და მართლმსაჯულების ხარვეზებს. როცა მთავრობა გაეროსა და ევროსაბჭოში ფარატინა ფურცლებზე ასახული ‘რეფორმებით’ იწონებს თავს, არასამთავრობოები აგზავნიან ჩრდილოვან ანგარიშებს, სადაც ქვეყნის ნამდვილ მდგომარეობას აღწერენ. ამიტომაც არიან არასამთავრობოები ძლიერი იქ, სადაც მწყემსებს ანგარიშვალდებულების არ ეშინიათ და სულს ღაფავენ რუსეთში, ვენესუელასა და ბელარუსში. ხალხის სარგებელი კი ისაა, რომ არასამთავრობოებისა და მედიის მეთვალყურეობის პირობებში, შავბნელი ამბები დამალული დიდხანს ვერ რჩება.

საბოლოო ჯამში, FARA-თი გატაცება თავისთავადი პრობლემა კი არაა, არამედ მხოლოდ სიმპტომია იმისა, თუ რა მიმართულებით სურს ქვეყნის წაყვანა ამ ავანტიურის ინიციატორსა თუ მომგონებელს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 2023 წელს ქართველ ხალხს მტრის ხატად ახალ სახეებს შესთავაზებენ, ხალხს კი არჩევანის გაკეთება მოუწევს მოდარაჯე ნაგაზებსა და მგლებთან გარიგებულ ქურდბაცაცა მწყემსებს შორის. 

მსგავსი/Related

Back to top button