ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 23 თებერვალს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ „საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება“.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ღარიბაშვილი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაშიც ჩავა, სადაც სხვა ქვეყნების სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფებიც არიან ჩართულნი.

პრემიერთან ერთად თურქეთში ასევე იმყოფებიან: შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button