თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს საქართველო 1 მლნ ლარით დაეხმარება
თურქეთში, 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 1 მლნ ლარი გამოყო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 9 თებერვალს განმარტეს, რომ თანხა დაზარალებულთათვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და ტრანსპორტირებას მოხმარდება.
თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია პარლამენტმაც წამოიწყო. პარლმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 თებერვალს განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში, არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა სწორედ ამ აქციას მოხმარდება. ამასთან, პარლამენტმა საბანკო ანგარიშიც გახსნა, სადაც დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს ჰუმანიტარული მიზნით თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.
თურქეთს საქართველო სამაშველო ოპერაციაშიც ეხმარება. შსს-მ შესაბამისი ტექნიკა და მაშველები თურქეთში სტიქიის დღესვე გაგზავნა. უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათიათასობით კი – დაშავდა. ოფიციალურმა ანკარამ სამაშველო ოპერაციაში დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/02/2023 – საქართველო თურქეთს სამაშველო ოპერაციაში დაეხმარება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)