ახალი ამბები

ლობისტური კონტრაქტის გამოვლენის ფონზე, მედიის ბრძოლა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის გრძელდება

10 თებერვალს, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა, სადაც მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაა ასახული. ვიდეოჩანაწერში ორი ეპიზოდია ნაჩვენები – ერთში ჩანს, რომ სააკაშვილმა წაიბორძიკა ლოგინზე დაეცა, ხოლო მეორეში ლოგინიდან ჩამოვარდა. კადრებში ასევე ასახულია მისი ვირტუალური გამოჩენა სასამართლოზე, რა დროსაც წამყვანი მის გაუარესებულ მდგომარეობასა და ციხეში მისი ვერცხლისწყლითა და დარიშხანით მოწამვლის შესახებ საუბრობს, რაც, მისივე თქმით, აშშ-ში ექიმების მიერ ჩატარებული ტესტებით დასტურდება.

წამყვანი ასევე იხსენებს გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელევიზიო გამოსვლას, სადაც მან აღნიშნა, რომ „სააკაშვილს ნელი სიკვდილით კლავენ“ და საერთაშორისო თანამეგობრობას მისი გათავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა მასიმო დ’ანჯელომ CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა „რადიკალურად და სწრაფად უარესდება“. მისივე თქმით, სააკაშვილს ტვინის დაზიანება და თეთრი ნივთიერების ცვლილება აღენიშნება და ზოგიერთმა ამ ცვლილებამ, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგი გამოიწვიოს. ადვოკატმა დაადასტურა, რომ მოწამვლა დადგინდა თმის, ფრჩხილის ნიმუშებისა და სხეულის ქსოვილის ტესტირებით. მისივე თქმით, დეტალურმა სამედიცინო ანალიზმა მთელ ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა დაადგინა. სააკაშვილმა ადვოკატმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, პოლონეთს, საფრანგეთს, აშშ-სა და უკრაინას სააკაშვილის წაყვანა სურთ, რადგანაც მას დაუყოვნებლივი მკურნალობა სჭირდება.

წამყვანმა აღნიშნა, რომ კრისტო გროზევი Bellingcat-იდან, რომელიც ნავალნის საქმეს იძიებდა, ახლა „სააკაშვილის თხოვნით, მის მოწამვლასაც იძიებს“. წამყვანის კითხვაზე, მიგვიყვანს თუ არა ეს გამოძიება მოსკოვამდე და პუტინამდე, როგორც ეს ნავალნის შემთხვევაში მოხდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ მას ეჭვიც არ ეპარება და ბიძინა ივანიშვილს „ოლიგარქი“ და „პუტინის მარიონეტი“ უწოდა. მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიიდან უკუსვლა შეინიშნება.

წამყვანმა საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაც მოიშველია და თქვა, რომ აშშ კვლავ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საჭირო ნაბიჯები გადადგას, რათა სიტუაციის შემდგომი ესკალაცია აღიკვეთოს და სააკაშვილი სათანადო მკურნალობით იყოს უზრუნველყოფილი. წამყვანი ასევე დაინტერესდა, საკმარისი იყო თუ არა ეს. „არა მგონია ეს საკმარისი იყოს“, – განაცხადა დ’ანჯელომ.  „ცხადია, რომ აშშ და ელჩი ყურადღებით ადევნებენ თვალს სიტუაციას, მაგრამ ჩვენ რეალური ძალისხმევა გვჭირდება – დახმარების შეჩერება, სანქციების და სავიზო შეზღუდვების შემოღება. ეს ის საშუალებებია, რაც უნდა გამოვიყენოთ, მისი გათავისუფლების დასაჩქარებლად“.

ნაციონალური მოძრაობის აქციები გრძელდება

პარალელურად, გასულ დღეებში, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა, მათ შორის, შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან. პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილს მოკლავენ, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. მან პარალელები გაავლო, ერთი მხრივ, ქართველების კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას შორის და, მეორე მხრივ, სააკაშვილის ბედსა და საქართველოს ევროპულ მომავალს შორის. მისი თქმით, პროტესტი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიდის და ორი დღის წინ გვაცნობეს, რომ რუსეთი ომს იგებს. „ომს იგებს უკრაინა და ამას აუცილებლად გააკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო, ჩვენს ქართველ მეომრებთან ერთად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შპს „აკერმანთან“ კონტრაქტი

იმავდროულად, სახელისუფლო არხებით გაჟონილი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მისი შვილის ინტერესების დასაცავად იურიდიული ფირმა შპს „აკერმანი“ დაიქირავა. 3 თებერვალს ხელმოწერი კონტრაქტის თანხა, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდა, 917 000 აშშ დოლარს ოდნავ აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შპს „აკერმანი“ სააკაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ იურიდიულ მომსახურებას ეწეოდა, კონტრაქტი ასევე ითვალისწინებდა სერვისების გაფართოებას მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა აქტორებთან ლობირების ასევე PR ძალისხმევას ამგვარი შედეგის უზრუნველსაყოფად.

მხარეთა მიერ მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს Akerman-ი შეასრულებს სხვადასხვა მოვალეობას, როგორებიცაა: იურიდიული მომსახურების გაწევა საქართველოს სასამართლოში სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე; საქართველოში სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება და კლიენტის სახელით ადვოკატირება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტების შენარჩუნების კოორდინირებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმასთან თანამშრომლობით კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

მოგვიანებით, ალასანიამ განმარტა, რომ მან კომპანიას თანხა მამისგან მემკვიდრეობით მიღებული დიდი მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად გადაუხადა. ალასანიასვე თქმით, მას ფინანსურად შვილის მეგობრებიც ეხმარებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button