skip to content
ახალი ამბები

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში ასოცირებული ტრიოს გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

21 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს და მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

რეზოლუცია აღიარებს სამი ქვეყნის ხალხთა ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ, ასევე მათ წვლილს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში. დოკუმენტი მხარეებს მოუწოდებს, რომ „პატივი სცენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეაკავონ რუსული აგრესია და დაიცვან ევროპული უსაფრთხოება“.

რეზოლუცია მიესალმება რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს სამივე ქვეყანას, რომ განაგრძონ რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და საპარლამენტო ზედამხედველობა.

ასამბლეა ევროკომისიის მიერ სამივე ქვეყნისთვის განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტების სრულად განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ასამბლეა მოუწოდებს ევროკომისიას უზრუნველყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გადასვლა ევროკავშირის ასოცირებული მეზობლების სტატუსიდან ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსზე და სთავაზობს ევროკომისიას, რომ ქვეყნებზე მორგებული საგზაო რუკები მოამზადოს, რაც ევროკავშირის შიდა ბაზარზე სამი ქვეყნის ეტაპობრივ შესვლას უზრუნველყოფს.

ასამბლეამ კიდევ ორი სხვა რეზოლუციაც მიიღო: „რეზოლუცია უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ“, რომელიც მოუწოდებს უკრაინას, მოლდოვას, კომისიას და საბჭოს, რომ 2023 წელს ორ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ და „რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესახებ“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ეხება.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, სადაც აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტების წევრები ევროპარლამენტის წევრებთან ერთად შეიკრიბნენ.

ქართული მხრიდან, ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე დეპუტატებმა – მიხეილ სარჯველაძემ, მაია ბითაძემ, ლევან ქარუმიძემ, გიორგი ხელაშვილმა და გიორგი ვაშაძემ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მიზანიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, აერთიანებს დეპუტატებს ევროპარლამენტიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტის 60 წევრს და აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 10 წევრს აერთიანებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button