ახალი ამბები

ენმ-ის საპარლამენტო ბოიკოტს „სტრატეგია აღმაშენებელიც“ უერთდება

თბილისის საქალაქო სასამარლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 6 თებერვალს გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს, დღეს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანიც შეუერთდნენ.

პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი „მკვლელობის“ განაჩენის შემდეგ, „ქართული ოცნება“ თანამშრომლობის სივრცეს აღარ ტოვებს.

„თუ ვინმე არის რადიკალი, ეს არის ქართული ოცნება, რადგან კლავენ ადამიანს, ადამიანის მკვლელობა არის რადიკალური ნაბიჯი“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი პარტია „ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შემქნის მომხრეა და თუკი „ეს ერთობა არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას“.

თავის მხრივ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს იმიტომ უერთდება, რომ „არ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება“, რადგანაც ქვეყანაში ისედაც „მძიმე ვითარება შეიქმნა. „სულ ვამბობდი, რომ აქცია არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი პროტესტისა, სხვა არ გამოუგონია კაცობრიობას“, – დასძინა მან.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის მზაობა გუშინვე გამოხატა პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენა ხოშტარიამ და დასძინა, რომ საჭიროა „კოორდინირებულად“, მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, „იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ დროა, საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღოს გადაწყვეტილება და ან მანაც „აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისიც აწერს [სასამართლოს] განაჩენზე ხელს, ან გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“.

კოლეგების ბოიკოტს „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიც აკრიტიკებს

„მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მათთვის „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, თუ სად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ – „პარლამენტს გარეთ ბოიკოტში, პარლამენტში თუ სად“. „ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგით გავაგრძელებთ მოქმედებას“, – ხაზი გაუსვა მან.

ბოიკოტის იდეა გააკრიტიკეს პარტია „ლელოშიც“. დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეფასებით, საპარლამენტო ბოიკოტის გამოცხადება „პარლამენტის მუშაობისთვის უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის“. „პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით, ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება“, – განაცხადა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბოიკოტის გამოცხადებას „კომიკური“ უწოდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა. მანვე ენმ-ის მიერ პრემიერის სახლთან გუშინდელი საპროტესტო აქციაც გააკრიტიკა და დასძინა, რომ „სახლთან მივარდნებით და ოჯახის წევრებთან მივარდნებით, ვითარება მხოლოდ უარესდება“.

„… მსჯელობა ისევ მანდატების დატოვებაზე, არის პოლიტიკური შეცდომა და აზიანებს ისევ ევროპულ გზას“, – განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ დ დასძინა, რომ „ეს არ არის ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

„ეს სეზონური ბოიკოტები არის ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი, სააკაშვილს ასე ვერ გაათავისუფლებენ“, – უთხრა ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ისინი „არავის თითის დაქნევის შესაბამისად“ არ იმოქმედებენ და იმას გააკეთებენ, რაც სწორად მიაჩნიათ. „ჩვენ ამ შემთხვევაში, სწორად მიგვაჩნია, რომ მონდომებით ვიმუშაოთ იქ, რისი მანდატიც მოგვცა ხალხმა“, – დასძინა ელისაშვილმა.

„ოდეს ყოფილ არს აქამომდე, ნაცებს გავყოლოდით ქუჩაში“, – თქვა „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ და დაამატა, რომ „საკმაოდ დიდი ხანი გაუძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ, უკვე ბოლოსკენ არიან თვითგანადგურების რეჟიმში მისული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button