ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილი აქციის დაუშლელობის სანაცვლოდ პოლიციელებისთვის ფულის შეთავაზებისთვის დააკავეს

ხელისუფლებამ 11 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დააკავა. უსაფრთხოების თანამშრომლებმა მასთან ერთად ასევე დააკავეს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, მურთაზ ზოდელავა.

ხაბეიშვილი აქტიურად მოუწოდებდა „მშვიდობიანი რევოლუციისკენ“ 4 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი არჩევნები იმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხაბეიშვილის დაკავება სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების მოსყიდვის თაობაზე მის საჯარო შეთავაზებას უკავშირდება. მისი თქმით, ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარს დაპირდა ნებისმიერს, ვინც საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყოდა. გაგნიძის თქმით, ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარს დაპირდა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც „მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას“. მისივე ინფორმაციით, ხაბეიშვილი „დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც“.   გაგნიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ „პოლიციელებისათვის დაპირებული თანხის გადახდა  მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად“. ხაბეიშვილი საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული.

რაც შეეხება ზოდელავას, გაგნიძის თქმით, ხაბეიშვილმა მას დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, „რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს  თანამშრომლებს და  იძალადა ერთ-ერთ მათგანზე“. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Back to top button