ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 24 იანვარს თბილისში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორ ენრიკე მორას შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. მათვე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ „ისტორიული გადაწყვეტილების“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ილია დარჩიაშვილმა და ენრიკე მორამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საკითხში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. მათვე უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ რისკებზე გაამახვილეს ყურადღება, „რომელიც დღეს არსებული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით მწვავე პრობლემად დგას რეგიონში“.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთიანი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და უზრუნველყოფს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას“.
ამასთან, საგარეო უწყებისვე ცნობით, ევროკავშირის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა „მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზაობა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებით, რომელიც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია“.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/01/2023 – ილია დარჩიაშვილი ჩეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
- 11/01/2023 – ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)