ახალი ამბები

ალან გაგლოევმა უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ოსი მებრძოლები მოინახულა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერი, ალან გაგლოევი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა და რუსეთის მხარეს მებრძოლ ოს სამხედროებს ტექნიკური საშუალებები და სამხედრო ეკიპირება გადასცა.

ადგილობრივი სააგენტო „რესის“ ცნობით, გაგლოევმა ოს სამხედროებს – კვადროკოპტერები, თერმოგამომსახველები, რაციები და სხვა ტექნიკური საშუალებები, ასევე მედიკამენტები, გენერატორები და საკვები ჩაუტანა.

„პრეზიდენტმა გზა დაულოცა ოს მებრძოლებს და მადლობა გადაუხადა გამბედაობისა და გმირობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ“, – წერს „რესი“ გაგლოევის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ნატალია ბოსიკოვას სიტყვებზე დაყრდნობით.

საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე, ცხინვალის მაშინდელი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციამ მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობებით უკრაინაში საომრად წასული 300-მდე ოსი სამხედრო უკან დაბრუნდა. ისინი არასათანადო გადამზადებას და მარაგების ნაკლებობას აპროტესტებდნენ.  

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა ცხინვალის მე-4 სამხედრო რუსული ბაზიდან, რომელშიც რუსი სამხედროები და ოსი კონტრაქტორები რუსეთის მეთაურობის ქვეშ მსახურობენ, ტაქტიკური ჯგუფის სამი ბატალიონის 1 200 სამხედრო მოსამსახურე ჩაიყვანა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button