skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში ინალ არძინბა და ახსარ ჯიოევი შეხვდნენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრები“, ინალ არძინბა და ახსარ ჯიოევი 8 ნოემბერს მოსკოვში შეხვდნენ.

ცხინვალის რეგიონის „საგარეო უწყების“ ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და „კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამხრეთ ოსეთი-აფხაზეთის დიალოგის გაღრმავების მიმართ ორმხრივი მისწრაფება“. ამავე ინფორმაციით, მხარეებმა „უსაფრთხოების პრობლემებზეც ისაუბრეს და ამიერკავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“.

„მაღალი შეფასება მიეცა რუსეთის ძალისხმევას, რომ რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდეს, ასევე მის წვლილს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, აფხაზეთის „საგარეო უწყებამ“ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიაში არსებული „სამხედრო-პოლიტიკური ვითარება“ განიხილეს.

ინალ არძინბას თქმით, აფხაზური მხარე მხარს უჭერს ცხინვალის რეგიონის მონაწილეობას აფხაზეთის, რუსეთისა და სირიის საგარეო უწყებათა დონეზე ფორმირებადი კონსულტაციების მექანიზმში.

მან ხაზი გაუსვა, რომ მექანიზმი სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button